GD Banner
ცხოველები

ცოფით გარდაცვლილი ქალის ოჯახი უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალი თავისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. მათი ვერსიით, მიზეზი ქუჩის ძაღლია, რომელზეც ის თვეების განმავლობაში ზრუნავდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. ცოფის ვირუსს 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სოფო ალავიძეა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, საკუთარი ლეკვისგან დაინფიცირდა, თუმცა არ აცრილა. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება კი დაახლოებით 5 თვის შემდეგ დაიწყო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ჩორჯოში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა. ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.

გარდაცვლილი სოფო ალავიძის ოჯახი რეგიონულ მედია „მეგა ტვ-სთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალი, ცოფით თავისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. მათი ვერსიით, მიზეზი ქუჩის ძაღლია, რომელზეც ის თვეების განმავლობაში ზრუნავდა.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში გადაუდებელი ვაქცინაცია ჩატარდა. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩასა და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოში უსახლკარო ცხოველების რაოდენობა თვალშისაცემად დიდია. მიუსაფარი ძაღლები, რომლებსაც არავინ უვლის, პოტენციურ საფრთხესაც ქმნიან და თავადაც იტანჯებიან. სხვადასხვა დაავადებასთან, მათ შორის, ცოფთან დახმარების გარეშე უწევთ გამკლავება.

ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.

უკვე განვითარებული ცოფის წინაშე მედიცინა უძლურია. ამ დაავადებით ყოველწლიურად 60 000 კაცზე მეტი იღუპება, უმეტესად – აზიის ქვეყნებში.

ადამიანს ან სხვა ცხოველს ცოფის ვირუსი დაავადებულთან უშუალო კონტაქტის – დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შედეგად გადაეცემა

ცოფის საინკუბაციო პერიოდი ათი დღიდან ერთ წლამდე მერყეობს. მისი განვითარება დამოკიდებულია როგორც ვირუსის რაოდენობაზე, ასევე კბენის ადგილზე, ჭრილობის დაზიანების ხარისხზე, ნაწილობრივ – დაზარალებულის ასაკზეც. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავზე, სახეზე, ყელსა და ხელის თითებზე.

ცოფისგან თავის დაცვის ერთადერთი ბერკეტი ვაქცინაციაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია აცრის გრაფიკის ზუსტი დაცვა. პირველი ვაქცინაცია ტარდება დაუყოვნებლივ. დაუშვებელია აცრის გამოტოვება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 116 690 ძაღლი და კატა. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9000 ძაღლს/კატას, 4300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,795 ნახვა