GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილი რომ გამოვა, სათავეში რომ ჩაუდგება მთავარ პარტიას, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ იქ ბევრი სხვა პარტიაა, ყველანი არიან ერთი – „ნაცმოძრაობა“ ან მისი ანასხლეტები

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად, აქ რაღაცები არ მოხდეს. შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდეს, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს საქართველოს მომავალი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მან საქართველოს მომავალზე და სწორი არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკაში პრეზიდენტს რომ ირჩევენ, ირჩევენ იმისთვის, რომ ამერიკისთვის გააკეთოს კარგი. მას არ ირჩევენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის გააკეთოს კარგი და კიდევ 200 ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, თუ ამერიკისთვის კარგს აკეთებს და ამას დაემთხვევა, რომ საქართველოსთვის კარგია, ამას გააკეთებენ, უნდათ და აკეთებენ, მაგრამ თუ დაემთხვა, რომ ის რაც საქართველოსთვის კარგია, ამერიკისთვის არის ცუდი, თვალს ერთი წამითაც არ დაახამხამებენ და გააკეთებენ იმას, რაც ამერიკისთვისაა კარგი. ამიტომ არის ამერიკა ძლიერი ქვეყანა – უყურებს თავის ინტერესებს. საქართველომაც უნდა შეხედოს თავის ინტერესებს. ამომრჩეველმაც უნდა შეხედოს. დღეს ღიად გვეუბნებიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. თან გვეუბნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევო. არჩევნებიც კი არ არისო.

ჩემი გადმოსახედიდან, მოჰყავთ ის ხალხი, რომლებმაც 9 წელი სიქა გამაძვრეს, ეკონომიკა დამინგრიეს, 300 ათასი კაცი დამიპატიმრეს, გამითელეს უფლებები, 2-ჯერ ომში შემიყვანეს – არა თუ 2008 წელს, 2004 წელსაც, არ დაგვავიწყდეს, როდესაც ოსეთში შევვარდით პირველად. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა სად ვიქნებოდით?! აგერ სააკაშვილი უკრაინის ჯარის ფორმით დადის და იძახის, მაბრძოლეთო. ეგ რომ გამოვა, სათავეში რომ ჩაუდგება მთავარ პარტიას, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ იქ ბევრი სხვა პარტიაა, ყველანი არიან ერთი – ან „ნაციონალური მოძრაობა“ ან მათი ანასხლეტები და ეს ხალხი მოჰყავთ უკან“, – განაცხადა რუხაძემ.

მან მიმართა საზოგადოებას, დაფიქრდნენ და არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ხალხი იტყვის, ამას ბიზნესი აქვს. მეშინია, მაგრამ მე რომ ბიზნესი მქონდა და სააკაშვილმა წამართვა ყველაფერი, ვუჩიოდი სააკაშვილს და 2011 წლის მარტში დაგვიბრუნა ყველა ბიზნესი. ამიტომ, მე გამოცდილებაც მაქვს, სააკაშვილს დავაბრუნებინე და მერე წელიწადნახევარი აქ კიდევ იყო. ეგ არ მინდა, რომ მეორედ მოხდეს. თქვენც არ გინდათ. თქვენც გაქვთ ეგ გამოცდილება, ხომ ვიცი, უამრავს გიცნობთ. 2012 წელს გიხაროდათ, რომ წააგეს. მერაბიშვილმა დაგიბარათ და გითხრათ, ეკონომიკა იმიტომ არის ცუდად, რომ თქვენ ცუდად მართავთ და ახლა სახელმწიფო დაგეხმარებათ მართვაშიო. ეს ბევრს გაქვთ მოყოლილი. მე არ მეძახდნენ ასეთ შეხვედრებზე.

იგივე შემიძლია ვუთხრა ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, უნდა დაფიქრდეთ, ხალხო! ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც გვეუბნებიან, არავის, არაფერს ირჩევ. 20 წლის შემდეგ რა იქნება, ესაა თურმე მნიშვნელოვანი და არაფერი ცუდი არ მოხდება, თუკი იგივე ხალხი დაბრუნდება, ვინც ის 9 წელი გაგვატარა. დაფიქრდით კარგად. მარტო დაფიქრება კი არ არის საკმარისი. ეს ყველას ქვეყანაა და მგონი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად აქ რაღაცები არ მოხდეს. შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდეს, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ამერიკასთან და ევროპასთან კარგ ურთიერთობაში ყოფნას. შესაძლოა, ნიშნავდეს მათთვის მუხლებში ჩავარდნას, ნუ მაბრძოლებთ, ნუ გამაკეთებინებთ, ამის ახსნას. ვერ გეტყვით, ამას „ქართული ოცნება“ კარგად აკეთებს, თუ – არა. ვერ გეტყვით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს საქართველოს მთავრობა კარგად აკეთებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშლება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობაში.

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი. ვერანაირი სხვა: „ლელო“ გახარია, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიების გარეშე, ვისი კვლევაც არ უნდა ნახოთ. ეს არჩევანი გვაქვს. ახლა წინ რაღაც სატყუარას გვიკიდებენ, რომ 10 წლის მერე სად ვიქნებით, თურმე ეგ ყოფილა მთავარი – ამიტომ, მოდით, ეს ხალხი მოვიყვანოთ. მერე რა, რომ ვიცით, ცუდები არიან იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ ასე უფრო კარგად შევალთ ევროკავშირში. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. მთელი ქვეყანა, ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის კარგი საქართველოსთვის“, – განაცხადა რუხაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა