GD Banner
სამართალი

არჩილ გორდულაძე: როდესაც ამნისტიის პროექტზე ვმუშაობდით, მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, შესაბამისად, დანაშაულები, რომლებიც ნაკლებად საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, უფრო მეტად არის გათვალისწინებული პროექტში

ახლა ამბობენ [ოპოზიციის წარმომადგენლები], წინასაარჩევნოდ არის გაკეთებული ამნისტიაო, არჩევნების შემდეგ რომ გაკეთებულიყო, იტყოდნენ, დაჰპირდნენ ხალხს, მიაცემინეს ხმა ქართული ოცნებისთვის და დანაპირებს უსრულებენ და ამნისტიას აკეთებენ. 2025 წელსაც არის თვითმმართველობის არჩევნები, მაშინ არც 2025 წელს უნდა გავაკეთოთ ეს პროექტი და არ უნდა ვიზრუნოთ, რომ პატიმართა რაოდენობა ევროპულ სტანდარტებამდე მივიყვანოთ, მაშინ, კიდევ ერთი წელი უნდა გავჩერდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი არ უსმენს გარედან დავალების მიმღებ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, შესაბამისად, ხელისუფლება ყველა იმ ქმედებას განახორციელებს, რაც საზოგადოებისთვის მიზანშეწონილია. რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, გორდულაძის თქმით, პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო დანაშაულების სიმძიმე, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.

“მგონი, ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ და არც ვუსმენთ იმ ადამიანების საუბარს, რომლებიც დავალებებს გარედან იღებენ და თითოეული მათი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, როგორმე ჩვენი ქვეყნის განვითარება და დასავლეთის პრაქტიკასთან დაახლოება შეფერხდეს. აქედან გამომდინარე, მათ მოსმენას ნამდვილად არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ ყველა ის ქმედება, რომელიც ხალხისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიზანშეწონილი. როგორც პრემიერმა განაცხადა, ორი მთავარი პრინციპი იყო დასახული მიზნისთვის, პირველი, ეს იყო, რომ მათი [პატიმრების] რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არ უნდა შეხებოდა ისეთ დანაშაულებს, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებდა და გაზრდიდა კრიმინოგენურ მდგომარეობას. ამიტომ, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, შესაბამისად, დანაშაულები, რომლებიც ნაკლებად საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, უფრო მეტად არის გათვალისწინებული ამნისტიის პროექტში. ერთი უპრეცედენტო ნაწილი, რომელიც არასდროს, არც ერთი ამნისტიის პროექტში არ ყოფილა, ეს არის მთელი რიგი მუხლები, დაახლოებით 225 მუხლია, რომლებსაც შეეხება ამნისტიის პროექტი და 1/6-ით შეუმცირდებათ მსჯავრი. ამავდროულად, მარტო მსჯავრდებულებზე რომ არ ვისაუბროთ, კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაწილია გათვალისწინებული კანონპროექტის მიხედვით, 7 000-მდე პრობაციონერს შეუმცირდება ერთი წლით პირობითი მსჯავრი.” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა