GD Banner
სამართალი

რატი იონათამიშვილი: საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება

მინდა საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამასთანავე, 1/6-ით შემცირება დამატებით შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

იონათამიშვილის თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს. კანონის პირველი მოსმენით მიღება კი იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება. დღეს, მინდა საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და ამავდროულად: აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.

ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება დამატებით დაახლოებით 225 მუხლი. პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს.

ვის შეეხება და ვის არ შეეხება აღნიშნული ინიციატივა? – ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკო რეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს;კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით.

რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ. და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,302 ნახვა