აშშ-ს გმირის, ავღანეთში დაღუპული პეტ ტილმანის დედა კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მისი შვილის სახელობის პრემია გადაეცეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ჰარის.
პეტ ტილმანი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. მან 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, უარი თქვა 3-მილიონიან კოტრაქტზე და აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა. ის 27 წლის ასაკში, ავღანეთში თავისიანების მიერ შეცდომით გახსნილმა ცეცხლმა იმსხვერპლა.
პეტ ტილმანის დედა, მერი აცხადებს, რომ პრინც ჰარისთვის პრემიის გადაცემის თაობაზე მასთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. მისივე თქმით, შოკშია, რომ „ამ ჯილდოსთვის ასეთი წინააღმდეგობრივი და სკანდალური პიროვნება აარჩიეს“.
„არის ხალხი, რომლებსაც მართლა ეკუთვნით ეს ჯილდო, ისინი კოლოსალურ საქმეს აკეთებენ ვეტერანებისთვის, თუმცა არ გააჩნიათ ფულადი რესურსები, კავშირები და პრივილეგიები, რომელიც აქვს ჰარის. მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უნდა იყოს დაფასებული და არა პრინცი“,-განაცხადა გმირის დედამ მედიასთან.
სამეფო ოჯახის წევრისთვის პეტ ტილმანის ჯილდოს გადაცემას აპროტესტებენ სამხედრო მაღალჩინოსნებიც.
ადმირალი ლორდ უესტი პრინცს ურჩევს, უარი თქვას ჯილდოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეთა ნეგატიური რეაქცია აგორდება. პარლამენტის ლეიბორისტი წევრი აცხადებს, რომ ჰარიმ ძალიან სერიოზულად და დიდხანს უნდა იფიქროს, სანამ ჯილდოებს მიიღებს ისეთი მიღწევებისთვის, როგორიცაა „გამორჩეული პილოტი“ და „გამორჩეულად მამაცი“.
ყოველწლიურ პრემიას ESPY (გამორჩეული სპორტული მიღწევებისთვის) გადასცემს სპორტული სატელევიზიო ქსელი ESPN, ხოლო პეტ ტილმანის პრემია ადრე გადეცემოდა არაღიარებულ გმირებს.
გასულ წელს ჯილდო მიიღეს ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელთა საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მომაკვდავ მოთამაშეს სტადიონზე რეანიმირება ჩაუტარეს.
წლევანდელ პრემიას ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი გადასცემს, რომელიც პრინცის მეუღლის, მეგან მარკლის ახლო მეგობარია.