საპარლამენტო ოპოზიციაში საპროკურორო საბჭოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდებთან ინდივიდუალური გასაუბრებები მიმდინარეობს.
„ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი ხელოვნურად არ უნდა გავაღვივოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – დაინიშნება ის, ვინც აწყობს „ქართულ ოცნებას“. დღეს ყველა ეს დანიშვნის პროცესი არის ლეგიტიმურობის მიღმა“, – მიიჩნევს „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი.
„ვიცით, რომ ჰყავთ გამოკვეთილი კანდიდატი. პროკურორი სჭირდებათ პოლიტიკური დევნისთვის, ოპონენტებზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის. არანაირი დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული პროკურატურა ჩვენ არ გვყავს, პირიქით, ამ პროკურატურას გამოიყენებენ ოპონენტების წინააღმდეგ“, – ფიქრობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრების პროცესი დაიწყო. საპროკურორო საბჭოს მიერ პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამი კანდიდატი შეირჩევა, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთს აარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.