GD Banner
პოლიტიკა

გიორგი გრძელიშვილი: ვერავინ მაჩვენებს ერთ ფაქტსაც კი, როდესაც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა ჩვენ კი არა, მსოფლიოში არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ის ბედნიერება, რომელიც ამ ბიჭებმა გვაჩუქეს კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნაცებისთვის აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გრძელიშვილი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ფაქტი, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა ან რომელიმე მათგანის გამორჩევა, ვინმეს გაშავება ან საკუთარ სახედ არჩევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა.

„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა ჩვენ კი არა, მსოფლიოში არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ის ბედნიერება, რომელიც ამ ბიჭებმა გვაჩუქეს კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნაცებისთვის აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ. ასეთი ერთ მუშტად შეკრული, ერთი მიზნისკენ მიმართული ნაკრები არ გვყოლია, თუმცა ნაცებმა მოახერხეს და კონკრეტულ ფეხბურთელებთან თავის გაიგივება, მათი საკუთარ „ხმად“ გამოყვანა სცადეს და კამპანიები ააგორეს. ამის პარალელურად, ფეხბურთელები, რომლების პოზიციაც მათთვის მიუღებლად ჩათვალეს, აითვალწუნეს და, რბილად რომ ვთქვათ, არაფრის გამო აკრიტიკეს.

ამ ხალხმა ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე მხოლოდ იმიტომ ამოიჩემა, რომ მას ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები აქტიურად გულშემატკივრობენ. მათთვის ისიც კი აუტანელი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რამდენჯერმე მის თამაშს ნეაპოლში დაესწრო, ამ ბიჭისგან კი, როგორც ყველა გულშემატკივარმა, მანაც მადლობა დაიმსახურა.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვერავინ მაჩვენებს ერთ ფაქტსაც კი, როდესაც ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა, ან რომელიმე მათგანის გამორჩევა, ვინმეს გაშავება ან საკუთარ სახედ არჩევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა! ამის საპასუხოდ, ნაცებმა კუმირად აირჩიეს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ბუდუ რომ ამ ქვეყანაზე შეყვარებული, პოზიტიური ხასიათის ადამიანია და მოედანზე საკუთარი ნაკრებისთვის ყველაფერს დებს, ამას ახსნა არც სჭირდება. ამ კაცს ლუქსემბურგთან მოგებულ მატჩში გატანილი გოლებისთვის, მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ თავდადებისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშებში ჩანს, ყველა ქართველისგან მადლობა ეკუთვნის. მას წარმატებას და უმაღლეს დონეზე ასვლას, რომელიმე ტოპ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვუსურვებ, უბრალოდ, მინდა ყურადღება იმაზე გავამახვილო, როგორ მოქმედებენ უინტელექტო ნაცები. ნაცებმა ბუდუს ნაკრებთან ერთად მშვიდად მომზადებაც კი არ აცადეს და მთელი ჩემპიონატის მანძილზე მისი სახელის პოლიტიზირებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი არავის გაკვირვებია, რადგან ამ ადამიანებს მეორე ლიგის დონის ინტელექტი აქვთ. მგონია, ხვალ რომ ბუდუ რომელიმე ტოპ ლიგაში სათამაშოდ გადავიდეს, მასაც თავს მიანებებენ და ისევ მეორე-მესამე ლიგაში დაიწყებენ ისეთი ადამიანის მოძებნას, რომელსაც საკუთარ კერპად მის უკითხავად აქცევენ, უამრავ უხერხულობას შეუქმნიან, ისე, როგორც ბუდუსთან მიმართებაში იქცეოდნენ მთელი ტურნირის მანძილზე. ამის დაგვირგვინებას კი გუშინდელი ფაქტი წარმოადგენს, როდესაც მთელი ქვეყანა ზეიმობდა, თუმცა, ნაცების ატეხილ ისტერიაზე ბუდუს და მის მამას განმარტებების გაკეთება მოუწიათ.

უდიდესი მადლობა მთელ ნაკრებს, უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიადან დაწყებული ბუდუ ზივზივაძეთი დამთავრებული. ყველა ჩვენ გმირ ფეხბურთელს ვუსურვებ კარიერაში წინსვლას, და როგორც თითოეული ქართველის, ჩემი სურვილიც არის რომ ბუდუმაც, ხვიჩამაც, მამარდამაც, ქოჩორამაც და უკლებლივ ყველა ქართველმა ფეხბურთელმა ტოპ დონეზე ითამაშოს! მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რომელიც თითოეულ ქართველს მოგვანიჭეს და მჯერა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი წარმატების გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს გიორგი გრძელიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,051 ნახვა