უკრაინა მიმდინარე წელს ომის დასრულების გასაგებ და დეტალურ გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვენიელ კოლეგასთან, ნატაშა პირც-მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა არის ჩვენი ინიციატივა, რადგან ამ ომში ჩვენ ვართ მსხვერპლი. დეტალურად ვმუშაობთ სამ გეგმაზე: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეების და ცხედრების გაცვლა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ. ასევე, განვავითარებთ და მოვამზადებთ სამშვიდობო ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, რომელიც იქნება მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორის წინაშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ომის დასრულების გეგმის წარდგენა, რომელსაც მსოფლიოს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული.