შეერთებული შტატები გმობს კენიაში საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებულ ძალადობას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მილერმა მოუწოდა კენიის ოფიციალურ პირებს, გამოიჩინონ თაშეკავება და უზრუნველყონ სივრცე დიალოგისთვის.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რომელიც დაფიქსირდა ნაირობიში და კენიის გარშემო საპროტესტო აქციების დროს. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ, რათა აღდგეს წესრიგი და დიალოგისთვის სივრცის უზრუნველყოფისკენ“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი.