ვენეციის კომისია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.
„ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მზრუნველობა და ა.შ.). ასეთი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ და ჩატარდეს იმ დროში, რომელიც შესაბამისი იქნება მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ დადგინდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს გაღვივების რისკებს აჩენს. ამგვარად, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედონ ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელონ მისი მიღება“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.