GD Banner
Uncategorized

„ევროპული საქართველო“ – თანხვედრის წერტილების მიუხედავად, ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ ვაწერთ

მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, „ევროპული საქართველო“ ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ აწერს, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას არ განიხილავს.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის, საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, რაც ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების გარეშე.

სწორედ ამ ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად შევუერთდით პრეზიდენტის ინიციატივას და მოვაწერეთ ხელი „ქართულ ქარტიას“, რომელიც მოიცავს იმ საბაზისო ნაბიჯებს, რაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ. მივესალმებით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქარტიის პირობებისადმი ერთგულება ე.წ. ოპოზიციური ერთობის დეკლარაციაში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს პირობა საქმედ იქცეს ახალ პარლამენტში.

მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, „ევროპული საქართველო“ დეკლარაციას ხელს არ აწერს, რადგან ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ არ განვიხილავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის შეზღუდვა და ერთი სიის შეთავაზება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ცალსახად არ ემსახურება; ამას გარდა, ანტიდემოკრატიულად მიგვაჩნია პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის ის მოდელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა ოპერირებს ბოლო წლებია და ურყევად გვჯერა, რომ ასეთ ძალასთან სხვა ოპოზიციური პარტიების აღრევა ქართულ დემოკრატიას მხოლოდ დააზიანებს და ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს; მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის ხმების მობილიზაციის ამოცანებს რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უკეთ მოემსახურება და უკვე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციები გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც მზად არიან, მოკავშირეები იყვნენ, ერთი მხრივ, ივანიშვილის დამარცხებაში, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილ/კეზერაშვილის ანტიდემოკრატიული გავლენის განეიტრალებაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საკეთილდღეოდ; ვთვლით, რომ შინაარსობრივ და სისტემურ საკითხებზე პარტიებს შორის დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია ამომრჩევლის ინფორმირების ამოცანებისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებლად მიგვაჩნია, არ გავაკრიტიკოთ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ისეთი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის ივანიშვილის დამარცხების ამოცანას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაახლოებით ასეთივე შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება არათუ დემონსტრაციულად დაირღვა, არამედ მასხრადაც აიგდო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი შეთანხმების დარღვევის ფაქტს არ შეუწუხებია და არც შეაწუხებს იქამდე, სანამ ამ პარტიას ოპოზიციური ამომრჩეველი დემოკრატიულ ფასს არ გადაახდევინებს ყველა დარღვეული შეთანხმების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ასე მოხდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,263 ნახვა