ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის და ისტორიული პირველი ქულის მოპოვება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.
„კვარაცხელიას თამაშს როგორ შევაფასებდი ამ ორ მატჩში? არ მიყვარს ფეხბურთელებზე საუბარი და არც ხვიჩაზე ვისაუბრებ. თამაშს გავაანალიზებთ და მერე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ.
კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, იმედი გვაქვს, რომ შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. კვირკველია შეკრებაზე ვირუსით ჩამოვიდა. ამიტომ შევცვალეთ, მივხვდი, რომ დაღლილი იყო.
რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა, რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა სირთულეები გამოვიარეთ და სად მოვხვდით.
ჩეხეთი მაღალი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა.
ჩეხები იმედგაცრუებულები კი არიან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. ამის მაგალითად თურქეთთან ჩვენი მატჩი გამოდგება, სადაც ქულას მაინც ვიმსახურებდით.
ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.
პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ“.