GD Banner
სპორტი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს – გიორგი ქოჩორაშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მხოლოდ შედეგისთვის არ თამაშობს, მათთვის მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გაიღონ.

„რადგან აქ ვართ, ეს ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. ვეცდებით, ვიბრძოლოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ.

ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შანსი, ვითამაშოთ ასეთ დონეზე, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, თამაშზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს.

რასაკვირველია, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით და ყოველდღიური ფიქრით. იგივეს გავაგრძელებთ ხვალ. ჩემი აზრით, ხვალ არ გავდივარ ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ. როდესაც ადამიანი საქმიდან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის და ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაც ეს იქნება, რომ მოედანზე ვისიამოვნო და დავეხმარო თანაგუნდელებს, რაშიც ჩემი დახმარება დასჭირდებათ.

მწვრთნელს დავეთანხმები: მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ, რაც შეგვიძლია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

შორიდან დარტყმები ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც ვემზადებით. მე მაგალითად, ყოველდღე ვცდილობ ეს დავხვეწო არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. თუ იქნება დარტყმის შესაძლებლობა, ვეცდები, რომ გოლი გავიტანო. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქეების თამაშის ყურება, საწყის 5-10 წუთში ვცდილობ, დავაკვირდე მოედანზე და გავიგო, რას წარმოადგენს, რომ შემდეგ ორთაბრძოლებში გამარჯვებული მე გამოვიდე“, – თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,944 ნახვა