GD Banner
საზოგადოება

წლის საუკეთესო  გიდი-ფრილანსერი გულნარა ბერიძე – გიდობა პასუხისმგებლობასთან ერთად, საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა, რადგან რამდენიმე საათით ხდები შენი ქვეყნის ელჩი

ზაფხული როგორც ყოველთვის ბათუმთან და ზღვასთან ასოცირდება. 15 ივნისიდან  ამ  ულამაზეს ქალაქში, ტურისტული სეზონი გახსნილად გამოცხადდა. ქალაქის ქუჩები სავსეა უცხოელი ტურისტებით. ისინი არამარტო ბათუმით, არამედ მის გარშემო მდებარე ლოკაციებით და განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის საოცარი ბუნებით ინტერესდებიან. 

„ინფოფოსტალიონის“  სტუმარია წლის საუკეთესო  გიდი-ფრილანსერი გულნარა ბერიძე, რომელიც ასევე მუშაობს სსიპ აჭარის მუზემის, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის გიდი-კორდინატორად.  გულნარა უკვე დიდი ხანია უცხოელ ტურისტებს ემსახურება. ამბობს, რომ ვიზიტორებს  დიდი სიყვარულით უყვება საკუთარი ქვეყნისა და კუთხის ისტორიას. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს აზიარებს ქართულ კულტურას, ისტორიას და გასტრონომიას. ათვალიერებინებს მატერიალურ-კულტურულ ძეგლებს. იგი თვლის, რომ გიდობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად არის საოცრად სასიამოვნო შეგრძნება, რადგან რამდენიმე საათით ხდები შენი ქვეყნის ელჩი.

– როდის დაიწყეთ გიდად მუშაობა, მოგვიყევით ამ საქმიანობის შესახებ.

 გ.ბ:  მოგესალმებით. განათლებით ვარ ბიოლოგი-ფიზიოლოგი. სამწუხაროდ, არასდროს მიმუშავია ჩემი პროფილით. ბევრი როლი მოვირგე ცხოვრებაში და საბოლოოდ, რაღაც ეტაპზე, დადგა მომენტი და დავრჩი უმუშევარი. ამ დროს მივიღე მეგობრის გამოწვევა, გავიარე გიდის კურსი და მთლიანად დავუკავშირე ჩემი ცხოვრება ტურიზმს.  დაიწყო ახალი ეტაპი. შევუდექი საინტერესო საქმიანობას.

ნებისმიერი ადამიანი გიდი ვერ გახდება. შენ უნდა იცოდე გეოგრაფია, ისტორია, უნდა გაგაჩნდეს გარკვეული უნარ-ჩვევები. ბევრი რამ ვისწავლე, გავიარე უამრავი ტრენინგი, მაქვს შესაბამისი სერთიფიკატები და არ ვნებდები დღესაც. ყველა ახალი ტური ახალი გამოცდილება და ახალი ურთიერთობებია, რომელსაც აქვს აუცილებლად, თავისი დადებითი მუხტი. დასაწყისში ძალიან ბევრი სირთულე იყო, მაგრამ დავისახე მიზანი და პირდაპირ ვისწარფოდი მისკენ. სწორედ მიზანსწრაფვამ დამაძლევინა ყველა ბარიერი და დღეს მე მაქვს წლის საუკეთესო გიდის სტატუსი. გიდის პროფესია მართლაც საოცრად სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. შენ ხარ ადამიანი, რომელიც წარმოადგენ ქვეყნის სავიზიტო ბარათს. შენით ეცნობა სტუმარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს და გასტრონომიას, ამისათვის ყოველთვის უნდა იყოს მზაობა , რომ ტურისტს შესთავაზო დასამახსოვრებელი ტურები და იზრუნო მის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე. 

– ვინ აფასებს თქვენს მიერ ტურისტებთან მუშაობის ხარისხს?

 –  რა თქმა უნდა, ტურისტებთან მუშაობის ხარისხი ფასდება და შემფასებელიც ბევრია: პირველ რიგში, ტურის დამკვეთი კომპანია თუ კერძო პირი. მძღოლი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს მთელი ტურის განმავლობაში და ყველზე დიდი შემფასებელი – ტურისტი, რომელიც შენი გაწეული შრომის შეფასებას აკეთებს დამკვეთ კომპანიასთან. ეს ყველაფერი საბოლოოდ თავს იყრის და საერთო შეჯამებას, ანუ ერთგვარ შეფასებას აკეთებს ტურიზმის დეპარტამენტი.

 – შეგიძლიათ გვიამბოთ, რისი ნახვაა მნიშვნელოვანი როცა იმყოფები აჭარაში.

–  აჭარაში სანახაობებს რა გამოლევს. დავიწყოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქი ბათუმით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილია საქართველოში. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, მუზეუმებით, უძველესი პორტით, ევროპული მოედნებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ზღვისპირა ბულვარითა და მაღალი კლასის სასტუმროებით. ცალკე თემაა მაღალმთიანი აჭარა და იქ მდებარე ტურისტული ლოკაციები. 

–  ტურისტებთან წინასწარ ათანხმებთ,  რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ლოკაციას? 

-დიახ, რა თქმა უნდა როდესაც იგეგმება ტური, აუცილებლად ყველა წვრილმანი დეტალი გავლილია და ცნობილია სტუმრისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კორექტირებაც. 

-ყოფილა თუ არა მხიარული, ან პირიქით საფრთხის შემცველი თავგადასავლები?

 – როდესაც ტურში ხარ, არაფერია გამორიცხული. ხშირად მქონია მხიარული, ბედნიერი ასე ვიტყოდი ტურები და ძალიან ხშირად აპლოდისმენტებით დავშორებულვართ ერთმანეთს. რაც შეეხება ხიფათს, ყოველთვის მაქსიმალურს ვაკეთებ, რათა სტუმარს ავაცილო იგი. სამწუხაროდ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მე თვითონ მქონდა ცუდი შემთხვევა. ერთ-ერთ ლოკაციაზე მაღალი სიცხის გამო გონება დამებინდა და სახით დავეცი. ამ გადმოსახედიდან, მაღალი რისკის ქვეშ დავაყენე საკუთარი თავი, რადგან არ მივატოვე და ასეთ მდგომარეობაში ბოლომდე მივიყვანე ტური. ეხლა გახსენებაც არ მინდა. 

– აქვს თუ არა მნიშვნელობა ჯგუფში ადამიანების რაოდენობას გიდისთვის? 

– რა თქმა უნდა აქვს ჯგუფში მნიშვნელობა რიცხობრიობას. მყოლია როგორც პატარა, პატარად ვთვლი 8-10 კაციან ჯგუფს, ასევე მაქსიმალური – 57 კაცი. დამერწმუნებით, 10 კაცის მართვა ბევრად იოლია და კომფორტული, ვიდრე 57- ის ერთდ. აქ ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ ადამიანი ტურში მიდის იმის გამო, რომ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაციასთან ერთდ სიამოვნება, ამიტომ ყველას თავისი წილი ყურადღება ჭირდება, რაც ძალიან რთულდება დიდ ჯგუფებში. 

– გყოლიათ თუ არა პატარების ჯგუფი უცხო ქვეყნიდან?

 –  ორი შემთხვევა მქონდა. მყავდა ბანაკის ბავშვები ხელმძღვანელებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი ტურები იყო. 

– რამდენადაც ვხვდები,  ზაფხული ყველაზე  შრომატევადია თქვენთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე, მაგრამ თავად თუ ისვენებთ და როგორია გიდისთვის დასვენება. სად ატარებთ დროს? 

  – ოოო, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. დასვენებას რაც შეეხება, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ღოღიალი. სეზონის დაწყებამდე, ჩვენ თვითონ, კოლეგა გიდები, ვაკეთებთ საინფორმაციო ტურებს და ერთად ვახერხებთ განტვირთვას. ხშირად დავდივარ მრევლთან ერთად მოსალოცად, რაც უდიდეს სიამოვნებას და სულიერებას მანიჭებს.

  -კიდევ ერთხელ რომ გვირჩიოთ, რატომ უნდა ვესტუმროთ აჭარას, გარდა ზღვით გამოწვეული სიამოვნებისა, რა მოგონებებს დაგვიტოვებს ზაფხულში გატარებული დასვენების დღეები? 

– აჭარა განუმეორებელი კუთხეა საქართველოსი, თავისი გულიანი სტუმართმოყვარეობით და მასპინძლობით, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის და იმდენად აყვარებს თავს, რომ აუცილებლად ჩნდება მიზეზი სამომავლო ვიზიტისა. აქ მზეც სხვანაირად ანათებს და ათბობს. ბათუმური ყავის საოცარი სურნელი, შერწყმული მოყვავილე მაგნოლიის არომატთან, ხომ განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერ სტუმარზე. 

– რას ნიშნავს იყო გიდი. არის თუ არა ზაფხული ყველაზე ლამაზი სეზონი პირადად, თქვენთვის? 

– მნიშვნელოვანია, გიდს ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, იყოს მომღიმარი, ფლობდეს უცხო ენებს და ქონდეს მოცემული ტურის საფუძვლიანი ცოდნა. ზოგადად, არ მიყვარს  სიცივე. ცივი ამინდი განწყობას მიფუჭებს. ვგიჟდები ზაფხულზე და ეს სეზონი ყველაზე განსაკუთრებულია ჩემთვის სეზონებს შორის. მზე, სითბო და სიყვარულია ჩემთვის ზაფხული. 

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?

– ჩემს ოჯახზე ხშირად ვუყვები სტუმრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციებზე ველაპარაკები. მათთვის წარმოუდგენელია ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება და როცა იგებენ ოთხი თაობა ერთად, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ ტკბილად, თბილად და დიდ სიყვარულში, გიჟდებიან. აი, მაშინ მატყდება თავს კითხვების კორიანტელი: როგორ? რანაირად? დაუჯერებელია? მართლა იდეალურად ურთიერთობთ? და ა.შ. ყველაფერს ვაგვირგვინებ და ვანეიტრალებ ჩემი ტრადიციული “ოჯახის” სადღეგრძელოთი, რომლის გარეშე არცერთი სუფრა არ დამისრულებია. მყავს საუკეთესო ცხოვრების მეგზური, მეუღლე – პაატა გოლიაძე. დაოჯახებული ვაჟი – თორნიკე გოლიაძე. არაჩვეულებრივი რძალი – ნინი გენელიძე. ჩვენთან ერთად ცხოვრობენ მეუღლის მშობლები და გვყავს პატა ანგელოზი – ქლოი. მიუხედავად თაობების ასეთი სხვაობისა, იდეალური ჰარმონია სუფევს და ყველანი თავის წილ აგურს დებს ამ საქმეში. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მაქსიმალურად მაქვს ხელის შეწყობა ოჯახიდან და ვფიქრობ ბედნიერებაც სწორედ ამაშია. წინ დატვირთული ტურისტული სეზონია. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,270 ნახვა