GD Banner
პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი – საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია კომპრომისების გაკეთება

ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რიიგიკოგუს (ესტონეთის პარლამენტის) მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და „ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით“, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხი ესტონეთის პარლამენტის დღის წესრიგში დგას და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მათთვის მნიშვნელოვანია.

რიინა კალიურანდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა ევროკავშირში თვის ბოლოს იქნება, სადაც გაერთიანება ქვეყნის შესახებ იმსჯელებს. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ არის დაინტერესებული ქართველი ხალხის დასჯით.

„რა არის გასაკეთებელი, რა არ შეიძლება, ჩვენ ეს არ ვიცით. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება. ამ ყველაფერზე ამ თვის ბოლოს განხილვა იქნება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში, ასევე ბრიუსელში ევროსაბჭოში. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობს მასში და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ესტონეთი ძალიან ხმამაღლა საუბრობს ზოგიერთ ვარიანტზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დაიცვას თავისი და წევრი სახელმწიფოების ინტერესები. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ევროკავშირს შეუძლია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა ერთნაირ წესებს დავიცავთ. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ღონისძიება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვისაც. საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის თამაშის წესების არდაცვის შედეგი. ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით“, – განაცხადა რიინა კალიურანდმა.

შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობის გაუქმება, ელჩმა განაცხადა, რომ სავიზო თავისუფლება საქართველოს ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობის ნაწილია და ის ასევე მოითხოვს გარკვეული კრიტერიუმების შესრულებას.

„ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. გასაგებია. მეორე მხრივ, სავიზო თავისუფლება საქართველოს ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობის ნაწილია და ის ასევე მოითხოვს გარკვეული კრიტერიუმების შესრულებას. ჩვენ ვხედავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ძალიან ბევრი მათგანი ევროპაში არალეგალურად ხვდება. ეს არის ამ პოლიტიკის ცუდი მხარე. ეს უფრო ისევ ინსტრუმენტს ჰგავს, იმის ჩვენებას, რომ რაც არ უნდა პროგრესს მიაღწიოთ ევროკავშირისკენ ამ გზაზე, თქვენ უნდა გააგრძელოთ იგი.

ევროკავშირი არის წესების ნაკრები, ცხოვრების წესი და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუ ეს ცხოვრების წესი და ეს ღირებულებები რაიმე მიზეზით მიუღებელია, ევროკავშირსაც აქვს უფლება შეცვალოს ეს პრივილეგირებული ურთიერთობა. ეს ხალხთან არაფერ შუაშია, თუმცა ხალხი დაზარალდება. მაგრამ შემდეგ, საბოლოოდ, ხალხს ექნება არჩევანი. არჩევნები მოდის და ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სავიზო თავისუფლების შეჩერება არასოდეს არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს არის რეალური ინსტრუმენტი. და ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს ტექნიკური საკითხია. ამას მხოლოდ უმრავლესობის (qualitative majority) ხმა სჭირდება და ესტონეთი ამ საკითხს აყენებს დღის წესრიგში როგორც ვარიანტს. ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა მას მხარდაჭერა სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ასეთი რეალისტური ვარიანტი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ეს არ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის ის, რაც წარმოიშვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად.”- განაცხადა ელჩმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა