GD Banner
სოციალური ქსელები და მედია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება- ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ  დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

განმცხადებელი: ბექა ოდიშარია

მოპასუხე: ირაკლი ბახტაძე

დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-11 პრინციპი.

11 მაისი, 2024 წელი

საქმე N 751

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “ბექა ოდიშარიას ქონება”, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი – ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის მინდობილმა პირმა , მარიამ გამცემლიძემ, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი მინდობილობა.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია. “მთავარი არხისგან” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო წერილი, რომლითაც ტელეკომპანია მას ატყობინებდა, რომ სხდომაში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ სადავო სიუჟეტში ეთიკის პრინციპები არ დაურღვევიათ.

სამოტივაციო ნაწილი

პირველი პრინციპი.  ქარტიის 1-ელი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

Ბექა ოდიშიარია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის, მიერ მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი – “ბექა ოდიშარიას ქონება”, მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად, სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია.

განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ სიუჟეტის გზავნილი, რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი გახდა, არის მცდარი და არ ეფუძნება კონკრეტულ, სათანადოდ გადამოწმებულ მტკიცებულებებს.

განმცხადებელმა 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) ჭრილში სადავო გახადა სიუჟეტში მოყვანილი არაერთი ფრაგმენტი.

ვიდრე საბჭო კონკრეტულ ფრაგმენტებს შეაფასებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი სიუჟეტის დასაწყისში ამბობს, რომ “Შაბათის მთავარმა” დეპუტატის დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა და რჩება აღქმა, რომ სიუჟეტი მომზადებულია დეპუტატ ოდიშარიას ქონებრივ დეკლარაციებზე  დაყრდნობით, რომლებიც საჯაროდაა გამოქვეყნებული.

Საბჭომ ქარტიის 1-ელი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია განმცხადებლის მიერ სადავოდ გამხდარ შემდეგ ეპიზოდებში:

 ეპიზოდი N1. Სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს, რომ ოდიშარიას აქვს ძვირადღირებული ავტომანქანები და აჩვენებს “ტოიოტას” ბრენდის კონკრეტული მოდელის ავტომანქანის კადრებს. განმცხადებლის მითითებით, ეს მოდელი არ ეკუთვნის დეპუტატს და უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ბექა ოდიშარიას საკუთრებაში  აქვს.

დეკლარაციის შესწავლით და საჯარო წყაროებში გადამოწმებით, ბექა ოდიშარიას აქვს 2022 წლის გამოშვება toyota land cruiser-ი,  სიუჟეტში კი ნაჩვენებია ამ მოდელის ბოლო, 2024 წლის, გამოშვება. Სიუჟეტიდან არ მტკიცდება, რომ კადრებში ნაჩვენები კონკრეტული ავტომანქანა ეკუთვნის დეპუტატს, მას არ აქვს ქართული სარეგისტრაციო ნომრები და კადრები დიდი ალბათობით აღებულია ინტერნეტში გავრცელებული ამ მოდელის სარეკლამო ვიდეოდან. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას, არ აჩვენა მეტი მცდელობა, რათა მაყურებელს მიეღო ინფორმაცია, მართლაც ავტომანქანის ეს მოდელი აქვს თუ არა საკუთრებაში დეპუტატს თუ უფრო ძველი. არის თუ არა ნაჩვენები ავტომობილი უფრო ძვირი ან იაფი, ეს ჟურნალისტს სიუჟეტში არ აუხსნია. აუდიტორიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოდიშარიას აქვს სიუჟეტში ნაჩვენები 2024 წლის მოდელი, რაც არ არის ქარტიის სტანდარტით გადამოწმებული ინფორმაცია. Სიუჟეტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ბექა ოდიშარიას დაუსვა შეკითხვა ავტომანქანის შესახებ. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი.

ეპიზოდი N2. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისში თაბორის მთაზე მდებარე კორპუსში რამდენიმე ბინის მესაკუთრეა: “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია, 2023 წელს შევსებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ბექა ოდიშარიას ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს”, – ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში. საბჭოს მიერ ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ოდიშარიას დეკლარაციებში  მითითებული აქვს, რომ თბილისში თაბორის მთაზე ფლობს 7 უძრავ ქონებას, მათ შორის, 3 ბინას და 4 არასაცხოვრებელ ფართს. აღნიშნული ინფორმაცია ჩანს სიუჟეტში გამოყენებულ გრაფიკულ კადრებშიც (2 წთ.-სა და 10 წმ.-ზე), სადაც ნაჩვენებია დეპუტატის დეკლარაციის ფრაგმენტი, რომელშიც იკითხება, რომ ამ დეკლარაციაში მითითებულია თბილისში, თაბორის მთაზე მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება. გამომდინარე აქედან, არაზუსტია სიუჟეტის მონაკვეთიც, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია”.

ეპიზოდი N3. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “დაბა ბაკურიანში ოდიშარიების ოჯახმა საცხოვრებელი სახლი 2016 წელს შეიძინა, თუმცა რა თანხა გადაიხადა 600 კვ.მ. მიწის ფართსა და 3 სართულიან სახლში, უცნობია”.  განმცხადებლის თქმით, ფრაგმენტი არაზუსტია, ვინაიდან სიუჟეტში ნაჩვენები ეს უძრავი ქონება 2016 წელს არ შეუძენია, მას მეტი ხანია, 2010 წლიდან ფლობს. ბორჯომში აღნიშნული მახასიათებლების მქონე უძრავი ქონება ოდიშარიას მითითებული აქვს 2023 წელს წარდგენილ დეკლარაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ის მის საკუთრებაშია 2010 წლიდან. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, სიუჟეტში აღწერილი მონაცემების ნაკვეთი (ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ) ოდიშარიას სახელზე რეგისტრირებულია 2013 წელს, მანამდე, ვიდრე ის პარლამენტის წევრი გახდებოდა და არა 2016 წლიდან, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.

ეპიზოდი N4. სიუჟეტის დასაწყისშივე, პირველივე წამებში, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბექა ოდიშარიას აქვს “მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები”. გაურკვეველია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი ოდიშარიას კუთვნილი ნახატების შეფასებისას, რადგანაც მოგვიანებით, იმავე სიუჟეტის 3 წთ.-სა, და 45 წმ.-ზე თავადვე ამბობს, რომ ოდიშარიას კუთვნილი ფერწერული ტილოების ჯამური ღირებულება 79 ათას ლარზე მეტია. განმცხადებლის წარმომადგენელმა საბჭოს განუცხადა, რომ დეკლარაციაში შეტანილი ტილოების ღირებულება მათი შეძენისას დაახლოებით 80 ათასი ლარი იყო, რაც დეკლარაციაში დააფიქსირეს. შეძენის შემდეგ აღარ შეუფასებიათ ნახატები და მათთვის არც ამჟამინდელი ფასია ცნობილი.

გაურკვეველია, რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი ამ ეპიზოდშიც. სიუჟეტში ამ ტილოების ზუსტი ფასის დადგენის რაიმე მცდელობა არ ჩანს. სიუჟეტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ტილოებზე საუბრობს ოდიშარიას დეკლარაციაზე დაყრდნობით, თუმცა გაურკვეველია, საიდან მოიტანა ინფორმაცია ამ ტილოების მილიონებად შეფასების შესახებ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.

ეპიზოდი N5. სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი აუდიტორიას ინფორმაციას აწვდის ბექა ოდიშარიას ბიზნესმენი ქვისლის კომპანიის სახელმწიფო ტენდერების შესახებ. “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო”. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია მცდარია და ეს ჟურნალისტს უთხრა თავად ოდიშარიას ბიზნესმენმა ქვისლმა, როცა ის კომპანიაში ინტერვიუზე მივიდა, თუმცა ეს განმარტება სიუჟეტში არ არის. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძის კომპანიაში მისვლის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერში ისმის, რომ ჟურნალისტი ეკითხება, დაასრულა თუ არა მისმა კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 22 მილიონიანი პროექტი და მიიღო თუ არა სახელმწიფოსგან 22 მილიონი. ოდიშარიას ქვისლი პასუხობს, რომ ჟურნალისტს აქვს არასწორი ინფორმაცია, რომ მის კომპანიას ჰქონდა საგარეჯოში 2 პროექტი, თუმცა მათი ჯამური ღირებულება იყო დაახლოებით 10 მილიონი და არა 22 მილიონი.

კომპანიის ხელმძღვანელის ეს პოზიცია სიუჟეტში არაა ასახული. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო” და სიუჟეტში არ აქვს ნაჩვენები ამის მტკიცებულებები.

ჟურნალისტი ასევე საუბრობს ოდიშარიას ქვისლის კომპანიის მიერ, ბოლო წლებში, უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებზე, თუმცა აუდიტორიას არ აჩვენებს ამის რაიმე მტკიცებულებას, წყაროს,მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა (procurement.gov.ge) საჯაროდ ხელმისაწვდომია და ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი ტენდერის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც არ აქვს ჟურნალისტს სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე არ არის დეპუტატ ოდიშარიას პასუხები. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “ოცნების დეპუატატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას”. ამ ტექსტზე კადრებში ჩანს, რომ დეპუტატი ოდიშარია ჩადის პარლამენტის კიბეებზე და “მთავარი არხის” ჟურნალისტს ხმამაღალ ტონალობაში, უხეშად ესაუბრება.


ქარტიის საბჭოსთვის ცნობილია, რომ მედიის წაარმომადგენლების დიდ ნაწილს ხშირად სერიოზული პრობლემები აქვს ინფორმაციის გადამოწმების კუთხით, ვინაიდან მოხელეები, პოლიტიკოსები უარს ამბობენ მათთვის ინტერვიუს მიცემაზე.

საბჭოსთვის ცნობილია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის დეპუტატების გარკვეული ნაწილი არ თანამშრომლობს მედიის გარკვეულ ნაწილთან, უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 2023 წლის მარტიდან  შემოღებული წესები ზოგიერთ შემთხვევაში რეპრესიების საბაბი გახდა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პარლამენტში ინფორმაციის გადასამოწმებლად მიდიან.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში პარლამენტი დარჩა თითქმის ერთადერთ ადგილად, სადაც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან თავისუფლად მიახლოება და კითხვის დასმა ჯერ კიდევ არის  შესაძლებელი იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სიღრმისეულ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია პროდუქტებს ქმნიან.

ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, ეთიკური ჟურნალისტის მოვალეობაა მიმართოს ყველა გზას ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადგანაც ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება პირველ რიგში საკუთარი აუდიტორიის პატივისცემაა და არა მხოლოდ კრიტიკის ადრესატის პასუხის  უფლება.

განსახილველ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა, ჟურნალისტს მიემართა დამატებითი ხერხებისთვის, წერილობით ჩაებარებინა შეკითხვები დეპუტატის ბიუროსთვის, კითხვები გაეგზავნა პარლამენტარის ოფიციალურ ელფოსტაზე და ა.შ. ყველა ეს მცდელობა მას უნდა აესახა სიუჟეტში და ამით აჩვენებდა საკუთარ მაყურებელს, რომ ყველა გზით სცადა ინფორმაციის გადამოწმება.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან,  სადავო სიუჟეტისა და შეკრებილი დოკუმენტური მასალების შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო მივიდა დასკვნამდე,  რომ განსახილველ სიუჟეტში  “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის  მხრიდან  არაერთ ეპიზოდში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

პრინციპი 11ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;

პლაგიატი.

მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში ბექა ოდიშარიას პრეტენზია ჰქონდა, რომ მის შესახებ ინფორმაცია განზრახ დაამახინჯეს და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.

განმცხადებლის წარმომადგენელმა განხილვისას განაცხადა, რომ სიუჟეტიდან ჩანს, რომ ჟურნალისტს შესწავლილი აქვს ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაცია, აქვს სწორი ინფორმაცია, თუმცა წინასწარი განზრახვით ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას.


განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “მთავარი არხი” და ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე სუბიექტურად არის განწყობილი მის მიმართ და ამ მოტივით ავრცელებს მის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას.


ამ მოსაზრების გასამყარებლად განმცხადებლის წარმომადგენელმა  ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა “მთავარ არხზე” გასული 9 მასალა, სადაც ბექა ოდიშარია, მისი თქმით, უარყოფითად იყო წარმოჩენილი და ამას მიიჩნევდა ფაქტის წინასწარ განზრახვით დამახინჯების დამატებით მტკიცებულებად, “მთავარი არხის” მიერ მის მიმართ ნეგატიური განწყობის მტკიცებულებად.

ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ პოზიციას. წარმოდგენილი მასალები ძირითად ეხება დეპუტატ ბექა ოდიშარიას  პოლიტიკური გადაწყვეტილებების და განცხადებების კრიტიკას, მათ შორის, რამდენიმე მასალა აღწერს ოდიშარიას მიერ 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატების მისამართით, დეპუტატის ეთიკისთვის შეუფერებელი ლექსიკით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას და ამ მიმართვაზე  მწვავე გამოხმაურებებს. ამ თემის დეპუტატისთვის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება ბუნებრივია და არ შეიძლება მივიჩნიოთ მე-11 პრინციპის, ფაქტის განზრახ დამახინჯების მოტივის მტკიცებულებად. ეს მასალები ვერ ადასტურებენ განსახილველ სიუჟეტში სიზუსტის პრინციპის განზრახ დარღვევას.

თუმცა ქარტიის  პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.


საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი ფაქტის განზრახ დამახინჯების ჭრილში.  საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის ირგვლივ მოკვლეული ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა; კერძოდ, საბჭო მოცემულობად იღებს, რომ ჟურნალისტი საფუძვლიანად გაეცნო ბექა ოდიშარიას ქონებრივ დეკლარაციას. “რა ქონებას ფლობს რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა ოდიშარია, “შაბათის მთავარმა” მისი ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა,” – ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

აქედან გამომდინარე, სიუჟეტში ზემოთ აღწერილი 5 ეპიზოდიდან, რომელშიც საბჭომ სიზუსტის დარღვევა დაადგინა, პირველი 4 ეპიზოდის შესახებ ზუსტი ინფორმაცია სწორედ ქონებრივ დეკლარაციაში იყო ასახული და ჟურნალისტს ეს ინფორმაცია როგორც თავად ამბობს, შესწავლილი აქვს. ქარტიის პრაქტიკით, ეს საკმარისი საფუძველია ფაქტი განზრახ დამახინჯებულად მიიჩნიოს.

თუმცა, განზრახულობის ნაწილში ქარტიის საბჭო დამატებით ამახვილებს ყურადღებას  სიუჟეტის საერთო შინაარსზე, მის აქცენტებზე.

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტის ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ სიუჟეტი ეხება “ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას გამდიდრების ისტორიას. თავშივე კეთდება მინიშნებები დეპუტატის შესაძლო კორუმპირებულობაზე, იმაზე, რომ მისი ქონება დეპუტატობის პარალელურად იზრდება. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:

“ოცნების” დეპუტატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა “ქართული ოცნების” მართვის პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამდიდრება”. მიუხედავად ასეთი აქცენტებისა,  ჟურნალისტმა აუდიტორიას არ ან ვერ წარუდგინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც პარლამენტის წევრი გახდა.

სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ ბექა ოდიშარიას ქონების აბსოლუტური უმეტესობა დეპუტატობამდე აქვს შეძენილი, მათ შორის, სიუჟეტში ჩამოთვლილი უძრავი ქონება, სიუჟეტში ნაჩვენები ფერწერული ტილოები, დეკლარაციების მიხედვით შეძენილია 2016 წლის ოქტომბრამდე, ოდიშარიას დეპუტატობამდე, და ყველა ამ ინფორმაციის ამოკითხვა შესაძლებელია ოდიშარიას დეკლარაციებში.

ყოველივე ეს საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე არაზუსტი ფაქტები წინასწარგანზრახვით გაავრცელა. ამის მოტივი იყო მისი, როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატის მიმართ, წინასწარი, უარყოფითი განწყობა, რაც ჟურნალისტის კონკრეტულ ფრაზებში და სიუჟეტის საერთო ხაზში, შეფუთვაში ნათლად ჩანს.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ირაკლი ბახტაძემ  დაარღვია ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა