GD Banner
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ –  ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ეს არის ამ მარცხის გააზრების მძიმე პროცესი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

„ვფიქრობ, სტრატეგიულად „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაშინ, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, არასწორი გათვლა გააკეთეს, ამის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს ამას „ქართული ოცნება“, მათთვის მით უფრო მსუბუქი იქნება ეს ყველაფერი და ქვეყნისთვის ბევრად უფრო კარგი. ასეთი გააზრებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ თავისუფალი სამართლიანი არჩევნები (რომლის შემდგომაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩათვლის, რომ ის შედეგებია, რომელიც რეალობას ასახავს) არის ყველა ჩვენგანისთვის გამოსავალი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ მთავარი შეცდომა, მაშინ დაუშვა, როდესაც ჩათვალა, რომ შეუძლია ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

„სამწუხაროდ, დღეს „ოცნება“ გონივრულ ან ადეკვატურ ანალიზს აღარ ექვემდებარება. თუმცა, „ოცნება“ საკმაოდ დინამიკური ორგანიზმია, სახეს იცვლის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გონიერება გაიმარჯვებს და იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რასაც ჰქვია ოთხ თვეში არჩევნები, „ოცნება“ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაირჩინოს თავი და შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკაში მომავლის პერსპექტივა“, – განაცხადა გახარიამ.

„მიმაჩნია, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი მას უკვე ეუბნება, რომ სისტემური შეცდომები, რომელიც სამი წლის განმავლობაში დაშვებული იყო, ამაზე მას ფასის გადახდა მოუწევს. შეცდომებზე აუცილებელია ფასის გადახდა“,- განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ისაუბრა მის მიმართ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაზეც და აღნიშნა, რომ არასდროს დამალულა.

„ერთმნიშვნელოვნად ვიცი, რომ არასდროს დავმალულვარ. სადაც ყველაზე ცხელი წერტილი იყო, იქ არასდროს ჩემი მოადგილეები და თანამშრომლები არ გამიშვია, ყველგან მე თვითონ მივდიოდი. ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიღებდი. არავისთვის არაფერი არასდროს გადამიბრალებია“, – განაცხადა მან.

გიორგი გახარიამ გადაცემაში ისაუბრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზეც, მან პარტია „ლელოსთან“ სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და ა.შ, ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე. გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც კითხვებს ან პრეტენზიებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ“, – განაცხადა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პრეზიდენტთან დაკავშირებითაც, როგორც გახარია აღნიშნავს, ქვეყანაში პრეზიდენტის პირდაპირი სახალხო არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს, სალომე ზურაბიშვილი რომ იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გახარიამ უპასუხა: „ჩვენ მხარს დავუჭერთ“.

მისივე თქმით, „დღეს რუსეთის ჰიბრიდული გავლენა საქართველოზე არის უზარმაზარი, ხოლო უსაფრთხოების სისტემა სრულად არის მოშლილი“.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რეალური ევროპული პერსპექტივა ღიაა წელიწად-ნახევრის დიაპაზონში.

„შემდეგ ჩვენ არავინ დაგველოდება. ეს კარგად უნდა გვესმოდეს ყველას. 2024 წლის დასარულს, 2025 წლიდან, როდესაც დასავლეთი და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ მსჯელობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, იქ საქართველო სწორ მხარეს თუ არ იქნება, ჩვენ დავრჩებით სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში და საერთოდ არ მინდა ვიფიქრო, რა შედეგი მოჰყვება ამას ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა