GD Banner
ხელოვნება და კულტურა

ემზარ კახიძე – ახალგაზრდები  დღეს ჩვენს თაობაზე გაცილებით  ლაღი და დამოუკიდებლები არიან, მაგრამ სწავლა-განათლების მხრივ, კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი

„ინფოფოსტალიონის“ სტუმარია აჭარის არქეოლოგიური და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმების ხელმძღვანელის მ/შ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი  ემზარ კახიძე.

ბ-ნი ემზარი  ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თაობათა აღმზრდელის, ღირსების ორდენის და ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიის მფლობელის, ამირან კახიძის შვილია და მამის გზას ღირსეულად აგრძელებს.

– როგორი მამა იყო ცნობილი არქეოლოგი და დიდი მეცნიერი? ბაშვობიდან გაგიჩნდათ სურვილი მის გზას გაჰყოლოდით თუ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში მოვიდა?

– მამაჩემი, შეიძლება ითქვას, მამის ფუნქციაში მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს, ვინაიდან მას ამის გამოცდილება სრულიად არ ჰქონდა. მამამისი, იუსუფ კახიძე 1937 წელს გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, კომის ოლქში გადაასახლეს და, სავარაუდოდ, იქ დახვრიტეს. დღევანდელი გადასახედიდან ვხედავ, რამხელა მნიშვნელობა აქვს როცა აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს და უკვე მცირე ასაკში გარკვეულ გამოცდილებას აგროვებ. იმ პერიოდის სტანდარტებიდან გამომდინარე ის საკმაოდ ლიბერალურად გვექცეოდა. ერთადერთი გამონაკლისი სწავლა-განათლება იყო, სადაც ის საკმაოდ მომთხოვნი იყო. გაგანია საბჭოთა წყობილების დროს, როდესაც ზედაპირზე არავითარი ინდიკატორი არ იდო, მან განჭვრიტა, რომ ინგლისური ენა მომავალ ცხოვრებაში გამოგვადგებოდა და მე და ჩემი ძმა ლამის მე-3 კლასიდან კერძო რეპეტიტორთან დავდიოდით… ასევე მცირე ასაკიდან ვეზიარე არქეოლოგიას… რაც თავი მახსოვს, ექსპედიციებში დავდიოდი დაწყებული ზღვისპირა ფიჭვნარიდან, დამთავრებული მაღალმთიანი კალოთათი…

– წლების განმავლობაში  გიწევდათ მამასთან ერთად მუშაობა. დღეს კი, მის გარეშე აგრძელებთ ბ-ნი ამირანის დაწყებულ საქმეებს. ხომ არ ნანობთ, რომ რამე ვერ მოასწარით?

– შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი გეგმები, რაც დასახული ჰქონდა მან სიცოცხლეშივე დაასრულა. სიკვდილამდე რამოდენიმე საათის წინაც კი, უკვე დამთავრებული მონოგრაფიის დეტალებზე მესაუბრებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ჰიდრომეტალურგიით დაინტერესდა და ბევრ საინტერესო ნიუანს მიაგნო. ამჟამად ახლოაღმოსავლურ და ანტიკურ წყაროებზე ვმუშაობ, რომ მის თეორიას წყაროთმცოდნეობითი ბაზა შეექმნას.

– რამდენადაც ვიცი, ყოველ ზაფხულს მიმდინარეობს  ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრები, სადაც მონაწილეობას იღებთ. თუ შეიძლება გვიამბეთ   ფიჭვნარის გათხრების ისტორიის შესახებ, როდის დაიწყო და რა გზა გაიარა, რა გეგმები გაქვთ ამ ზაფხულს? 

-2022 წელს ფიჭვნარის არქეოლოგიურ ექსპედიციას 60 წლისთავი შეუსრულდა. ჯანმრთელობის გამო, მამა მაშინ ვერ მონაწილეობდა გათხრებში, თუმცა ისეთ ცუდ კლიმატურ პირობებში მოგვიწია მუშაობა, რომ ერთი საფლავის მეტი არც კი შეგვისწავლია. სამაგიეროდ, შარშან ზაფხულში 2 თვის განმავლობაში ის სამ უბანზე ხელმძღვანელობდა გათხრებს და საკმაოდ მხნედ გრძნობდა თავს. ბუნებრივია, წელს მის დაწყებულ საქმეს აუციელბლად დავასრულებთ.  

– ბატონო ემზარ გარდა სამუზეუმო და საუნივერსიტეტო საქმიანობისა, მოგვიყევით თქვენს სხვა საქმიანობაზე,  ცნობილია თქვენი მონაწილეობა არაერთ პროექტში.

– 2011-2012 წწ აქტიურად ჩავები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ, აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ ატეხილ პოლემიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელთა დიდი ნაწილი მაშინ და ახლაც ამ პროექტის და, ზოგადად, ისლამური სალოცავების აგების წინააღმდეგია, მივიჩნევ, რომ 21-ე საუკუნეში საკითხისადმი ასე მიდგომა უდიდესი შეცდომაა და აქ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა შეცვალოს ეს განწყობა. ბუნებრივია, ეს ცვლილება მღვდელმსახურებმა თავიანთი თავიდან უნდა დაიწყონ… უდიდესი შეცდომაა, როდესაც ისინი სამწყსოდ მხოლოდ ქართველ მრევლს მიიჩნევენ, სინამდვილეში ისინი რეგიონში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე არიან პასუხისმგებლები, მოუნათლავებზე ორმაგად… ყოველ შემთხვევაში, მე ქრისტიანობა ასე მესმის…  

გაგვანდეთ თქვენი დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ, რას ურჩევთ მათ?

-მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ჩვენს თაობაზე გაცილებით უფრო ლაღი და დამოუკიდებელები არიან, არ მომწონს მათი დამოკიდებულება სწავლა-განათლებისადმი, მგონია, რომ ამ მხრივ მათ კიდევ ბევრი რამე აქვთ გასაკეთებელი. 

–  ვინ არიან ის ადამიანები ვინც გიდგათ გვერდში. თქვენი ოჯახის წევრები. რამდენად ახერხებენ ხელი შეგიწყონ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში? გვიამბეთ დედაზე და მის როლზე, როგორც ცოლზე, რომელსაც ჰყავდა მეუღლე, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.

-დედა ახლაც როგორც პატარა ბავშს ისე მიყურებს და სულ ჩემს გამოკვებაზე და ჯანმრთელობაზე წუხს. ზოგადად, ის საბჭოთა პერიოდშიც საკმაოდ დამოუკიდებელი ქალი იყო, თავისუფლად შეეძლო ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა და არასოდეს მიგვრძნია, რომ ოჯახში, მიუხედავად გაბატონებული სტერეოპებისა, ის არათანასწორუფლებიანი წევრი იყო.

დაახლოებით ასეთივე ხასიათისაა ჩემი მეუღლე, ხოლო შვილებს რაც შეეხება, ისინი ტიპური ახალგაზრდები არიან, თუმცა ერთ-ერთს ჩემს მიერ გაკეთებული შენიშვნა ნამდვილად ეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,727 ნახვა