საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა, რომელსაც საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვემასპინძლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებთან დაკავშირებულ დისკუსიაში იმ ძალისხმევაზე, რომელიც გაწეულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან, იმ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც ინკორპორირებულია ამ პროცესში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.
„ეს პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ასევე ჩვენ მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებში, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ჩვენ ეს ვალდებულება ავიღეთ და მყარად და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ყველა იმ საჭირო რეფორმას – საკანონმდებლოსა თუ ტექნიკურს – რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას ქვეყანაში ჩავატაროთ ერთ-ერთი გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები. ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ბევრი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო კვლავაც განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ ჰქონდეთ ბარიერები.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალშიც გააგრძელებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციასა და კომუნიკაციას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავისი კონსტიტუციური უფლება ოქტომბერში გასამართ არჩევნებში და მათ არ ჰქონდეთ ბარიერები. მეორე მხრივ კი, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს უსაფრთხო, ყოველგვარი რისკები იქნას თავიდან აცილებული და ტექნოლოგიურად იყოს გამართული. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო, სიღრმისეული შეხვედრა. მოხდა ჩვენი დიპლომატების, ჩვენი ელჩების სრულად ინფორმირება ამ საკითხების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი დიასპორის ინფორმირების თვალსაზრისითაც გამოადგებათ “, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო პერმანენტულად ცვლიან ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას.
„უცხოეთში მყოფი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და სხვა ის მნიშვნელოვანი პროგრესული აქტივობები, რომლებიც დღეს ინსტიტუციის წინაშე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების მიზნით, მოხდეს ინფორმაციის მიმოცვლა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ამიტომ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ და მუდმივ კომუნიკაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პერმანენტულად ვცვლით ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი ჩვენი ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შემდგომი შესაძლებლობა უზრუნველყონ სათანადო ინფორმირება როგორც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ისე ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის მიზნით. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, ისევე, როგორც რეგულარული კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ინსტიტუციებთან გაგრძელდება, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ევროპული არჩევნების ჩატარება მაღალ პროფესიულ დონეზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.