ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე საბავშვო ბაღში ერთი ბავშვი გარდაიცვალა და სამი- ჰოსპიტალიზებულია ფენტანილით მოწამვლის გამო. 10 ივნისს, ბაღის მფლობელის მეუღლემ ფელიქს გარსიამ თავი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, თვითმხილველებმა ფელიქს გარსია დაინახეს, როგორ გარბოდა საბავშვო ბაღის შენობიდან. მას ორი ჩანთა ეჭირა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მექსიკაში გაქცევას ცდილობდა. გარსია სამართალდამცველებმა 1 კვირიანი ძებნის შედეგად დააკავეს.
გარდაცვლილი ბავშვი 1 წლის იყო, ჰოსპიტალიზებულთა ასაკი კი, 8 თვიდან 2 წლამდეა. გადარჩენილებს მკურნალობა პრეპარატი „ნარკანით“ ჩაუტარდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ კერძო საბავშვო ბაღის მფლობელის ქმარი ნარკოტიკულ საშუალებებს იატაკში მოწყობილ სამალავში ინახავდა. ფენტანილის კვალი ასევე, აღმოჩენილია ბავშვთა სათამაშო ხალიჩებზე.
გარსიას მეუღლემ, საბავშვო ბაღის მფლობელმა გრეი მენდესმა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი ბაღიდან თავისი 2 წლის შვილი გაიყვანა, რადგან შეატყო, რომ ბავშვს ფენტანილის ზმოქმედების ნიშნები ჰქონდა. თუმცა, პოლიციას არაფერი შეატყობინა და სხვა ბავშვებისთვის საბავშვო ბაღი არ დაუკეტია.
35 წლის ფელიქს გარსიას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.