GD Banner
პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: დღეს ღირსებისა და „კაპრიზის“ მქონე საქართველო, შეიძლება, თავისი პოლიტიკური შეთავაზებებითაც შევიდეს დიალოგში ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან

მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება, ამ გარკვევის პროცესში საქართველომ გარკვეული როლი ითამაშოს, 30 წლის განმავლობაში სიტყვა ღირსება არ გახსენებია არავის და მე მივესალმები ამ პოლიტიკას, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

შეკითხვაზე, რას შეცვლის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სანქციების დაწესება, თუ ასეთი რამ მოხდა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრემიერი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ როგორც აშშ-მა გამოგვიცხადა, ჯერ არც სანქციებს გაგვიმხელენ და არც სახელებს.

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ეგულებათ ეგ სანქციები და სახელები. ახლა ჩვენი სანქცირება აშშ-ისთვის არ არის აქტუალური თემა. მგონი, თვითონაც ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები. ეს ჩინეთი კი მეტოქედ არის აღქმული, მაგრამ აქ ხომ ორი კონცეფციაა, კისინჯერის ვარიანტი – მეტოქესთან ჩხუბს ნუ დაიწყებ, გაიყავი მსოფლიო შენს მეტოქესთან ერთად და მეორე, უნდა დაეტაკო, დატაკებას კი ცალკე რესურსი უნდა.

ჯერ უკრაინის ომი არ აქვთ გადაწყვეტილი. თან ბაიდენი უკრაინის ომზე იძახდა, რუსეთი არ უნდა დამარცხდესო. იმიტომ, რომ მერე ჩინეთი შემოდის რუსეთის ტერიტორიაზე. ახლა იძახის, კი, უნდა დამარცხდეს, მაგრამ ისე, რომ კრემლი არ დამარცხდესო და ქვეყანა როგორ უნდა დამარცხდეს ისე, რომ მისი დედაქალაქი კომფორტულად იყოს? ასე რომ, გარკვეული არ აქვთ, რა უნდათ, მიზანი არ აქვთ ჩამოყალიბებული, თორემ სურვილები აქვთ.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება, ამ გარკვევის პროცესში საქართველომ გარკვეული როლი ითამაშოს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, უბრალოდ, დისტანცია გვაქვს და ჩვენი კუთხიდან უფრო კარგად ჩანს ყველაფერი, როგორც ადრე ვიძახდით, კოსოვოს ნუ მისცემთ დამოუკიდებლობას-თქო და არ დაგვიჯერეს, ჩვენ შეგვიძლია, ამ წერტილიდან დავინახოთ ის პრობლემები, რომლებიც მათი წერტილებიდან არ ჩანს, ეს კი ერთ-ერთი რესურსია.

დღეს უკვე ღირსებისა და „კაპრიზის“ მქონე საქართველო, შეიძლება, თავისი პოლიტიკური შეთავაზებებითაც შევიდეს დიალოგში ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან. მე დიდი ეჭვი მაქვს, ჩინეთთან ამდაგვარი თანაბარი პოლიტიკური დიალოგი დაწყებულია. ამის მთელი რიგი ნიშნები არის და თუ დასავლეთთანაც დაიწყება, მაშინ ხიდი ვიქნებით“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა