დეპუტატებისადმი ბულინგის შემცველი, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფაქტებს, აქტივობებს ახალისებს ზუსტად ის განცხადებები, რაც კეთდება ძალიან ხშირად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქვეყნის გარეთ. თუნდაც, გუშინდელმა შემთხვევებმაც ეს დაადასტურა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელება, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ეწევიან. კერძოდ, მართული კამპანია მმართველი გუნდის დეპუტატების შეურაცხყოფისკენაა მიმართული და მას ეწევიან აქტივისტები, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„მახინჯი სახე აქვს მიღებული. არანაირ ნორმაში არ წერია და არანაირ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, რასაც ეს ხალხი ახორციელებს. ახალისებს კიდევ უფრო ძალადობასა და არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ასეთ ფაქტებს, აქტივობებს ახალისებს ზუსტად ის განცხადებები, რაც კეთდება ძალიან ხშირად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქვეყნის გარეთ, კოორდინირებულია. თუნდაც, გუშინდელმა ფაქტმაც დაადასტურა ეს, რომ ფაქტობრივად, დროში ერთდროულად ხდებოდა ასეთი შეურაცხმყოფელი გზავნილების გამოგზავნა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოციალურ ქსელში მუქარის და ბულინგის შემცველ, მოკლე ტექსტური შეტყობინების „სქრინებს“ ავრცელებენ. წერენ, რომ შეტყობინებები მათ უცხო ნომრებიდან მიუვიდათ.