ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, სონია შიფერსი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მიერ კანონების პაკეტის ინიციირებას ეხმიანება და მას ჰომოფობიურ კანონმდებლობას უწოდებს.
როგორც შიფერსი აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა, საბოლოოდ გადაწყვიტა ჰომოფობიური კანონმდებლობა რეგულარულ კანონმდებლობად დანერგოს, რაც რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოღებული.
“როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა ჰომოფობიური კანონმდებლობის რეგულარულ კანონმდებლობად შემოღება მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე. კიდევ ერთი ამბავი პირდაპირ რუსული სახელმძღვანელოდან, რომელიც მიზნად ისახავს კონსერვატიული ამომრჩევლის გულის მოგებას.” – წერს სონია შიფერსი პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სონია შიფერსი “სოროსის ფონდის” თანამშრომელთან, ვანო ჩხიკვაძესთან ერთად გამოქვეყნებულ სტატიაში, ევროკავშირს მოუწოდებდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა.