GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – კონგრესში გამოსვლაც ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობის დასანქცირება გინდოდეს

კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს, დალაგდე ამერიკელებთან და ოცნებობდე, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი. სხვას დააბრალო, ჩემს სანქცირებას ითხოვენ და მოღალატეები არიანო – სხვა კი არ ითხოვს, შენ მიდიხარ ამისკენ. ადამიანებს, ვისაც ენდობი, აზრის გასაგებად თუ ეკითხები, ეს ხალხი გვებრძვის თუ არა, რა ვითარება, რა მოქმედებაა საქართველოში, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი ვალდებულიც კია, უთხრას – კი, გებრძვიან. ამას, ფაქტობრივად, ღიად ამბობენ, ლიდერის გამოსვლიდან დაწყებული, ყველა დონეზე ეს აქვთ გაცხადებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის კონგრესში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ახლა საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს, ეს არის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც თუ გაყალბდება, მაშინ შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია“.

საკითხის შეფასებისას იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„გააჩნია კონტექსტს, შეიძლება ადამიანი შენზე ზრუნავდეს და გეუბნებოდეს, რომ არ მიიყვანო საქმე რევოლუციამდე, რევოლუციურ ვითარებამდე. საზოგადოებას როცა ერთი რაღაც უნდა და მისი ხელისუფლება ლეგიტიმაციის გარეშე მეორეს აკეთებს, ამას მიჰყავხარ რევოლუციურ ვითარებამდე, მეგობარი გაფრთხილებს და გეუბნება, რომ ასე არ მოიქცე. სიტყვა რევოლუცია ხომ არ უნდა დავაცენზუროთ, რომ ლაპარაკი არ შეიძლებოდეს. ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, მით უმეტეს, იმ კონტექსტში, როდესაც გეუბნებიან, რომ არჩევნები არ უნდა გაყალბდეს, რასაც აკეთებ, იმაზე ლეგიტიმაცია მიიღე ან მაგის კეთებას თავი დაანებეო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას მაინც მეგობრის რჩევად ჩავთვლიდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს სააკაშვილთან დაკავშირებით კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებაზე, სადაც კონგრესმენმა აღნიშნა: „სააკაშვილი მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას, მას იყენებდა ადამიანების დასასჯელად, ახლა ციხეშია, საშინლად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს“.

ხვიჩიას თქმით, დასახელებული კონგრესმენის გამონათქვამს ვერ შეაფასებს.

„ვინაიდან არც ამ კონკრეტულ სენატორს ვიცნობ, არც მისი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური დამოკიდებულება ვიცი და არც მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობების შინაარსი, სიღრმე, საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, მისი გამონათქვამი რამე კონტექსტში შევაფასო. არ ვიცი, ადამიანი ამას რა თვალსაზრისით უყურებს. სააკაშვილის გასამართლებასთან დაკავშირებით ჩემი კრიტერიუმი მაქვს. მე, ისევე, როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, მიმაჩნია, სააკაშვილი არ უნდა გაასამართლო იმის გამო, რომ ცხრა მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან. ეს არის მაქსიმუმი, ყველაზე დასაბუთებული ბრალდება, რასაც უყენებენ.

ამხელა ბიუჯეტიდან, ძალაუფლების დროს, ამდენი ხნის განმავლობაში რაც ჰქონდა, მხოლოდ ცხრა მილიონი თუ მოიპარა და მარტო ამას აბრალებ სააკაშვილს, სინამდვილეში, მას პოლიტიკურად რეაბილიტაციას უკეთებ, რადგან ყველა მთავრობა უფრო მეტს იპარავს. სააკაშვილს თუ რამეზე ეკუთვნის გასამართლება, ეკუთვნის იმ შანსის გამოუყენებლობის გამო, რომელიც ჰქონდა საქართველოს და მან გაანიავა. ამის გამკეთებელი ვერ იქნება მურუსიძის სასამართლო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თვითონ შექმნა პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად. ამიტომ მგონია პოლიტიკური მისი ციხეში ჯდომა და არა იმის გამო, რომ უდანაშაულოა ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა