პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, შეიწყალა.
„პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.