ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე 34-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი თავდების გარეშე გაათავისუფლეს განაჩენის გამოცხადებამდე, რაც 11 ივლისს მოხდება.
განაჩენი ტრამპს ხელს არ შეუშლის, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ისევ გახდეს პრეზიდენტი, თუმცა საკუთარი თავის შეწყალებას ვერ შეძლებს.
გამამტყუნებელმა განაჩენმა შესაძლოა, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობაზე, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი „ბოროტმოქმედია“, მისი რეიტინგი პირიქით, გაიზრდება.
Financial Times აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტს სავარაუდოდ, ციხეში არ ჩასვამენ, რადგან პირველად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ტრამპს, ალბათ, შინა პატიმრობა, ან გამოსაცდელი ვადა დაეკისრება.
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ექსპრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ფალსიფიკაცია უწოდა.
„ნამდვილ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს. მე დამნაშავე არ ვარ. მე ვიბრძვი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კონსტიტუციისთვის. ეს დასასრული არ არის“,-განაცხადა ტრამპმა.