GD Banner
პოლიტიკა

სალომე ქურასბედიანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობოებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ

წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით, არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს კომისიის აღნიშნული დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს დასკვნიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა კომისიის დასკვნიდან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს კანონის სტიგმატიზებას.

“ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე მიუთითებს. სინამდვილეში კი, ყველა ის მოქმედი ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO-სექტორის ვერც საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხს დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა საერთოდ არ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას. ყველაზე მნიშვნელოვანი – რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე, 62-ე, 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ. ვენეციის კომისიის ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მაგალითად, უნგრეთის მიმართ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის 79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი: „… არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“.” – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა