ბოლო 2 თვეში ბათუმში 3, თბილისში კი 1 მიწის კაზინო დაიხურა – ამის შესახებ BM.GE-ის სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.
გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 4 თვეა უკვე ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზებას ელის.
თუმცა, ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის ნაცვლად, მიწის ობიექტები იხურება.
“უკვე 4 კაზინო დაიხურა. 1 თბილისში და 3 ბათუმში. ამას გარდა, ბევრმა კაზინომ შეამცირა თავისი სათამაშო აპარატები, რითაც შესაბამისად ნაკლებს გადაიხდიან ბიუჯეტში. გადასახადის 15% ზრდით, ამ ეტაპზე სახელმწიფო დააკომპენსირებს ხარჯს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯამურად მეტ შემოსავალს მიიღებს. წლის ბოლომდე, სლოტ კლუბი გადახედავს თავის მდგომარეობას და ბევრი იფიქრებს დამატებით დაკეტვას.
2 თვეში ოთხი მსხვილი სლოტ კლუბის დაკეტვა საკმაოდ დიდი ცვლილებაა ბიზნესისთვის. თბილისში დაიკეტა მაგალითად “კრისტალ ბეთი”. ამას გარდა 220 აპარატით ნაკლები აპარატი აქვს ბიზნესს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარტალში თითო აპარატზე სახელმწიფო დაკარგავს 4 000 ლარს. პლიუს, სალიცენზიო თანხას, რომელიც თბილისში 1 მლნ ლარია, რეგიონებში კი 100 000 ლარი.
არის კაზინოები, რომლებმაც ლიცენზია ზაფხულში აიღეს და ზაფხულში უწევთ გაგრძელება. ისინი, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესის ხარჯები აინაზღაურონ ნაწილობრივ მაინც ლიცენზიის ამოწურვას დაელოდებიან და მერე გეგმავენ დახურვას” – განაცხადა მამულაიშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ადამიანები მიწის ობიექტებს აღარ სტუმრობენ, არ ნიშნავს, რომ მოთამაშეთა რაოდენობა მცირდება.
” მხოლოდ 15% რომ ყოფილიყო, კიდევ როგორმე აიტანდა ბიზნესი ამ დანაკარგს, მაგრამ აქ არის ასევე საუბარი მომხმარებელზე, რომელსაც თანხის გატანის მომენტში უწევს 5%-ის გადახდა. იგივე პრობლემა აქვთ უცხოელ მომხმარებლებსაც. მე, მქონდა საუბარი ბათუმში ისრაელელ სტუმრებთან, რომლებიც ამბობენ, რომ წავლენ ბულგარეთში, რუმინეთში და უკეთეს სერვისს და ნაკლებ გადასახადს შესთავაზებენ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საკმაოდ ცვლის მომხმარებლის ქცევას, რომლებიც ნაკლებად სტუმრობენ სლოტ კლუბს. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, არ მცირდება მოთამაშეების რაოდენობა. ადგილობრივი მომხმარებელი უბრალოდ ონლაინ გადადის, უცხოელები კი, სხვა ქვეყნებში მიდიან”, – აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, პარლამენტთან და ფინანსთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ახლა პროცესი დაპაუზებულია.
BMG