„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შესაძლებლობას მოგვცემს, ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ და ქვეყანაში შეიქმნას იგივე ვითარება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, არაერთი ომი გვიწარმოებია და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ეს ყველაფერი.
2008 წელი გავიხსენოთ, რა მოგვცა, რა მივიღეთ: დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი სოფლები, გმირი ჯარისკაცები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.
ვიცით, რას ნიშნავს ომი და არ გვინდა, იგივე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გვჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება“, – აცხადებს დედაქალაქის მერი.