„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სრულად ქართულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
„სრულიად ქართული კანონია მიღებული, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ მშვიდად და სტაბილურ ვითარებაში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ზოგადად, თუ ვინმეს აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს სათავეში და ვინ არა“, – აცხადებს თბილისის მერია.