GD Banner
საზოგადოება

კახა კალაძე ახალგაზრდებს: ჩვენი ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ

დაფიქრდით, ადამიანურად გთხოვთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ერთმანეთს ვუპირისპირდებოდეთ, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, ეს არის საერთო, – ასე მიმართა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მიღებულია და ეს არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

კალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ყველანაირი მცდელობა განწირულია კრახისთვის, რადგან დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. მერის განმარტებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მოგვცემს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. იგი ასევე ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა.

დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების” დაპირება და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“, – განაცხადა კალაძემ.

საუბრისას დასასრულს კალაძემ მიმართა ახალგაზრდებს, რომლებიც პარტიების მეშვეობით არ არიან ჩართული მიმდინარე აქციებში, დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე.

მისივე თქმით, არც ამერიკაში და არც დასავლეთის ქვეყნებში არავინ ირჩევს ისეთს, ვინც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს გაატარებს. კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„დაფიქრდით, ადამიანურად გთხოვთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ერთმანეთს ვუპირისპირდებოდეთ, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, ეს არის საერთო. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სახელმწიფოს რყევა. ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ და ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის! როგორ შეიძლება ამაზე ადამიანმა თქვას უარი?! მეორე ხელით კი, რომელიც არ ჩანს და დაფარულია, შავი ფულით ხდება რევოლუციების, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები, ეს რტომ დააფინანსე? 2020 წელს რატომ დააფინანსე პარალელური დათვლების გაყალბება? რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები, როდესაც თუ არ ვცდები, სერბი მოქალაქეები იყვნენ ჩამოსული? როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. ეს უხერხულობები რომ თავიდან რომ იყოს აცილებული, ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობა“, – აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა