GD Banner
პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იმედი გვაქვს, ვეტო გამოყენებული იქნება კანონის სრულად გადახედვისთვის და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან

ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და იმედი გვაქვს, ის იქნება გამოყენებული კანონის სრულად გადახედვისთვის და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რა მიზნით იმყოფება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში.

„ჩვენ ვართ საქართველოში, როგორც მეგობრები, უახლოესი მეგობრები. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები გავხდეთ. ამას მკაფიოდ მინდა, ხაზი გავუსვა. მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, საქართველო მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფმა დავაბანდეთ უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ევროკავშირის მაგიდასთან, ვგულისხმობ ფინანსურ, პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც დავაბანდეთ საქართველოს მიერ დასახული ამ მიზნის მხარდაჭერაში. მინდა, მკაფიო ვიყო, რომ ეს ინტერესი უცვლელი დარჩება. ჩვენ გვსურს და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად. საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპული გზა, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების. ძალიან მკაფიო ვართ იმ წუხილში, რომელიც გვაქვს.

ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც გულისხმობს საქართველოს და მისი მართლმსაჯულების სისტემის, სამართალდამცავი სისტემის და სხვა სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არ არის ჩარევა შიდა პოლიტიკაში, ეს არის ევროპული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ყველას მოგვიწია, როდესაც ევროკავშირში გავწევრიანდით. ამიტომ, ამაში არაფერია ანტიქართული და მთავრობის საწინააღმდეგო. ეს არის ის, რაც ჩვენ თავადაც გავაკეთეთ და რაც ყველა კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება. ამ კონტექსტში ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ გახდა საჭირო ამ კონკრეტული კანონის მიღება, რომელიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას.

ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და იმედი გვაქვს, ის იქნება გამოყენებული კანონის სრულად გადახედვისთვის და მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს ასევე ეხება სხვა საკანონმდებლო პაკეტებს, რომელთა შესახებაც გვაქვს წუხილი. ჩვენ გვაქვს წუხილი დემონსტრანტების მოპყრობასთან დაკავშირებით. შეკრების თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება და ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა. ეს არის მთავარი მიზანი იმ მეგობრების ვიზიტისა, რომლებიც ღია და დაინტერესებული ვართ საქართველოს მომავლით და ასევე მკაფიოდ ამბობენ, რომ არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ, 15 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“. საკითხთან დაკავშირებით დღეს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა