GD Banner
პოლიტიკა

14 მაისს პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” კანონის უკან გაწვევას არ აპირებს. კანონპროექტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციზე ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, ხვალ, 14 მაისს პარლამენტი იმოქმედებს “მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად” და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც “გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს”.

“ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, უნდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტებს უდიდესი უპასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე.

ამასთან, დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამა გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში თუ თავს დავუხრით საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას…” , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ “ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან”, ასევე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს “ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით” მოქმედებისთვის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. ო’ბრაიენის თბილისში ვიზიტი ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.

კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილი “შანტაჟის ქვეშ” შეხვედრებს ვერ გამართავს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს”და არასერიოზულად უყურებს სანქციების საკითხს.

“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ იყო [ჯიმ ო’ბრაიენის მხრიდან] თხოვნა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, იყო შემთხვევები გასული თვეების განმავლობაში, როცა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, რადგან მე მიწევდა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.

ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს”, – თქვა მან.

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ქართველი სამართალდამცველები ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე მაღალი სტანდარტით მუშაობენ საპროტესტო აქციებზე და არ იღებს კრიტიკას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების შესახებ.

„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, – თქვა მან.

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა და საზოგადოებას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიებას ამ ფაქტებზე, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და ვადები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,208 ნახვა