GD Banner
პოლიტიკა

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

კენჭისყრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ, რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათის იყო.

„მოგეხსენებათ, დღეს განვიხილავთ პაკეტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით, დადგენილი წესით, რედაქციულად. მესამე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივი ცვლილებების განხილვა არ ხდება, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები. წარმოდგენილია ტექსტი, გარკვეული რედაქტირებით, გრამატიკულად, მხოლოდ რედაქციულად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვინაიდან კომიტეტის სხდომაზე მყოფ დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და კითხვები არ ჰქონდათ, საკითხი კენჭისყრაზე დადგა და კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. „კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია. კომიტეტის სხდომა დასრულებულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“  მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვისას საკითხზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა