ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და სტილია, რომელიც შემდეგ გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებში ბაზა ჰქონდათ შექმნილი ვიდეოაფაილების, რომლითაც აშანტაჟებდნენ ადამიანებს.
„როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობაზე“. ეს სწორედ მათი სტილია, რაც ჩვენ ვნახეთ. ფარული ჩანაწერები, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგ გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. ეს ზუსტად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ, როდესაც მთელი ბაზა ჰქონდათ შექმნილი ვიდეოფაილებისა, რითაც შემდეგ აშანტაჟებდნენ ადამიანებს.
ვინაიდან, ახლა ხელისუფლებაში არ არიან, მათი საცეცებით ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ აქ დგას ცალსახად რაღაც მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილშია იმისთვის, რომ აშანტაჟონ ადამიანები. ითქვა კიდევაც, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც არიან ამ შანტაჟის ობიექტები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა დეტალი ამ დანაშაულის იქნეს გარკვეული.
განსაკუთრებით ამაზრზენი სახით არის მათ შორის ეს დანაშაული ჩადენილი. როგორც ჩანს, როდესაც ხდებოდა შეტყუება ადამიანების და შემდეგ მათი ფარული ჩაწერა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას და როგორც ჩანს, ესეც აჩვენებს, რომ არ აქვთ სამართლებრივი ბევრი რამ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათ შორის ერთ-ერთის მონაწილეობით არის ჩაწერილი ეს კადრები, ამ ადამიანის მეუღლის მონაწილეობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ დანაშაულის ამაზრზენობას. აქ ახლა რა შეთითხვნაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც თავად ბრალდებულები მონაწილეობენ ამ ვიდეოფაილებში“, – აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარი იაშვილი.
გამოძიების ცნობით, ბლოგერმა უჩა აბაშიძემ, თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უშუალოდ უჩა აბაშიძის მეუღლე მონაწილეობდა აღნიშნულ სცენებში, ჩანაწერები კი ფაილებად ინახებოდა.