გვეუბნებიან, დასავლეთს ებრძვითო. კი არ ვებრძვით, გვინდა, რომ დასავლეთი ქართველების თვალში იყოს კარგი. უფრო პრიმიტიულად ვეღარ ვიტყვი. მგონი, ვიღაცების IQ მართლა ვერ სწვდება ამას. ახალგაზრდებზე არ ვსაუბრობ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის.
„მე მჯერა მაგალითად ამ ინფორმაციის, მაგრამ ამის მტკიცებულება არ გვაქვს. მოდი, იმაზე ვისაუბროთ, რისი მტკიცებულებაც გვაქვს. FARA-ს მიხედვით ხომ გავიგეთ, რომ „ფორმულამ“ გადაიხადა საქართველოს დასანქცირებისთვის თანხები. ამის მტკიცებულება გვაქვს. გვეუბნებიან, დასავლეთს ებრძვითო. კი არ ვებრძვით, გვინდა, რომ დასავლეთი ქართველების თვალში იყოს კარგი. უფრო პრიმიტიულად ვეღარ ვიტყვი. ვიღაცების IQ მართლა ვერ სწვდება, მგონი, ამას. ახალგაზრდებზე არ ვსაუბრობ. მათ უფრო მაღალი IQ-ც აქვთ და მეტი განათლებაც, ვიდრე მათ, ოპოზიციის ლიდერები რომ ჰგონიათ თავი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „რეპორტიორის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის. სააგენტოს ინფორმაციით, ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც გავლენ, დამატებით 50 ათას დოლარს მიიღებენ.