GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ღია წერილს აქვეყნებს და გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.

ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.

2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი – „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა.

ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.

ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება – მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.

ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას ასცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა ასცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით.

მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ – თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.

ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.

მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს – ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა.

მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.

2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს.

შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.

ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.

2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ – ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.

გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ – როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.

ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.

გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.

შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.

მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.

ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება – საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?

ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.

ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.

გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – წერს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,311 ნახვა