GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი, მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში

მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში და ძალადობრივ ფაზაში. ამისთვის მოქალაქეთა ნაწილის გულწრფელი პროტესტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვა სჭირდებათ, მაგრამ ეს მათი გეგმის ერთი ნაწილია და საბოლოო ჯამში, მიზანია, ეს პროცესები გადაზარდონ ძალადობაში და სახელმწიფოზე შეტევაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის იმედი აღარ აქვს, ამიტომ მათ სურთ ძალადობრივი სცენარის განვითარება.

“საერთო სურათი რომ ავიღოთ, როგორმე უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რისთვის სჭირდებათ ძალადობრივი სცენარი ამ პოლიტიკურ უმცირესობას. მათ წააგეს არაერთი დემოკრატიული არჩევნები, არ აქვთ მომავალ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი, დემოკრატიული საარჩევნო პროცესით მათ არ აქვთ არანაირი იმედი, რომ შეძლებენ რაიმეს შეცვლას და ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ, მათი გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის და დესტაბილიზაციის გეგმა, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამისთვის დღეს ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ამისთვის ემზადებიან შემდეგი თვეების და განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ცდილობენ, სრული მობილიზაცია მოახდინონ და ამით აიხსნება ისიც, რომ მაქსიმალურად უპირისპირდებიან გამჭვირვალობას, მაქსიმალურად უპირისპირდებიან ანგარიშვალდებულებას. ფაქტია, ხელს აფარებენ და ცდილობენ საზოგადოებას დაუმალონ ის ფონდები, ის დაფინანსება და შემოსავლები, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ. რეალურად, ეს არის მათი საერთო გეგმის ნაწილი. ამან სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციაც მოახდინა, მისი რეპუტაციის და სანდოობის შელახვა.” – აღნიშნა თალაკვაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მის თანამოაზრეებს აქვთ აზრის მონოპოლიზების მცდელობა, რაც ძალადობის გზით ვერ მოხდება. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები პარლამენტიდან სრული მხარდაჭერით სარგებლობენ.

“სინამდვილეში, რასაკვირველია, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავისუფალი მედია, ადამიანის უფლებების დაცვა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ევროპული ღირებულებები დავაბრუნეთ ქვეყანაში, რასაც მხარს დავუჭერთ მომავალშიც. მაგრამ, რასაც მხარს არ ვუჭერთ და პრინციპულად ვუპირისპირდებით, ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის და მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევანის ჩამორთმევის მცდელობა. როდესაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მათ თანამოაზრეებს აქვთ მცდელობა, თავად გახდნენ ქვეყანაში აზრის მონოპოლისტები, თვითონ შექმნან სცენარები და დანარჩენ საზოგადოებას მოახვიონ ეს თავს. ეს ვერ მოხდება და მით უმეტეს, ძალადობით ვერ მოხდება. სახელმწიფო ინსტიტუტებს პარლამენტიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყანაში წესრიგი და კანონის უზენაესობა.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა