ჯერ ერთი ეს განცხადება მთავრდება იმით, რომ არააგრესიული ჯგუფების მიმართ არანაირი ძალა არ იქნას გამოყენებული, რაც სრულად შესრულებულია. არააგრესიული ჯგუფების მიმართ არასდროს არანაირი ძალა არასდროს იქნება გამოყენებული, განსხვავებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც სულ ახლახან 2012 წლამდე საქართველოს მართავდა. ამაში სრულად ვეთანხმებით, მაგრამ პოლიტიკური შეფასება რასაკვირველია, არ შეიძლება ჩვენთვის იქნეს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ქვეყნის დასავლურ კურსს არაფერი ემუქრება და შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მიუღებელია წერილის პათოსი, რომ აქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. მისივე თქმით, გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და კანონში არაფერია ისეთი, რაც რომელიმე ორგანიზაციას საფრთხეს შეუქმნის.
“გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება ისეთი, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია. კატეგორიულად გამორიცხულია, რამე დაემუქროს ჩვენს საგარეო კურსს და ეს კანონი არც ერთი ნიშნით, არც პათოსით, არც შორეული გათვლით არც მოკლევადიან, არც საშუალოვადიან პერსპექტივაში ვერ გაიმეორებს იმას, ვინაიდან საზოგადოების შეკვეთა სხვა არის. ვერ შეჩერდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ ოჯახში. პრაქტიკულად არ არსებობს შეფასება, არც ერთი კატეგორიის მიმართულებით, სადაც საქართველოს რეიტინგი არ უსწრებს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის რეიტინგს, მართლმსაჯულებიდან დაწყებული, ეკონომიკური მაჩვენებლებით დამთავრებული.” – განაცხადა ვოლსკიმ.