ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი იყო, სახელმწიფოს შიგნით ვერავინ ვერ უნდა ერეოდეს. მით უმეტეს, სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ, – განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა “გამჭვირვალობის კანონის” გამო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
მისი თქმით, თუ ქვეყანა გარედან უნდა იმართოს არასამთავრობოების ხელით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლები არ ვართ, სხვა შემთხვევაში კი, არასამთავრობო ორგანიზაციები თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა შეწყვიტონ.
“თუ რაიმე ძალა, ეს იქნება ორგანიზაცია, დაჯგუფება, გნებავთ არასამთავრობო და სხვა, ერევა შინაგან პოლიტიკაში, ის უნდა აილაგმოს – ეს არის ზოგადი კანონზომიერება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. თუ სახელმწიფო გარედან იმართება და გარედან უნდა მართონ არასამთავრობოების ხელით, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვართ დამოუკიდებლები და რომ სახელმწიფოს მართავენ გარედან, არასამთავრობოების ხელით. თუ ეს არ გვინდა, მაშინ არასამთავრობოები უნდა ალაგმული იყოს, ანუ თავის ჩარჩოებში უნდა ჩაეტიონ და სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდნენ.” – განაცხადა გუგუშვილმა. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ბესარიონ გუგუშვილის პროგნოზით, რევოლუციონერები შეეცდებიან, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, ვინაიდან მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. “ვფიქრობ ეს პროცესები განვითარდება ისე, რომ რევოლუციონერთა კლასი სამოქალაქო პუტჩს ვინც მართავს, შეეცდება სიტუაცია მაქსიმალურად გაამძაფროს, მაქსიმალურად დაძაბოს – სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, ასე რომ მე კარგს არაფერს ველოდები.” – აღნიშნა ბესარიონ გუგუშვილმა.