2024 წლის მარტში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის მარტში გაიზარდა 8.2 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 29.9 პროცენტით გადააჭარბა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, სადაც მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს, ფულადი ტრანზაქციების შემცირება რუსეთიდან და ზრდა ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან, ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მზარდ ეკონომიკურ და მენტალურ კავშირს დასავლეთთან.
“საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2024 წლის მარტში 2024 წლის მარტში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის მარტში გაიზარდა 8.2 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 29.9 პროცენტით გადააჭარბა. სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. წინა თვესთან იგი უმნიშვნელოდ (0.01%-ით) გაიზარდა, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით – მხოლოდ 0.5 პროცენტით. ასეთი დაბალი ინფლაცია საქართველოში არ დაფიქსირებულა: მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, 2013 წლის მარტის შემდეგ, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – ბოლო თითქმის 7.5 წლის მანძილზე (2016 წლის ნოემბრიდან). ასევე, აღსანიშნავია, რომ 12 თვის საშუალო ინფლაცია (0.7%) მარტში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა ბოლო 20-თვიან პერიოდში (2022 წლის ივლისის შემდეგ). უკვე მეექვსე თვეა (2023 წლის ნოემბრიდან), რაც ფასების ინდექსი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდება. ამასთან, ბოლო 12 თვიდან ფასები სურსათზე კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა და 2024 წლის მარტში წინა წლის მარტის მხოლოდ 95.9 პროცენტი შეადგინა.
305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 142 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. – ეს 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 59 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე). ამასთან, თუ ერთი წლის წინ საქონელ-წარმომადგენელთა კალათაში ფასების ზრდა დაფიქსირდა 176-ით მეტ საქონელზე, ვიდრე ფასების შემცირება, 2024 წლის მარტში ეს სხვაობა 17.6-ჯერ (!) შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე – 10-მდე დავიდა (შესაბამისად, 152 და 142). ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მთლიანი ექსპორტი, ისე ადგილობრივი ექსპორტი მარტში შემცირდა წინა წლის მარტთან შედარებით, მათი აბსოლუტური მოცულობები (შესაბამისად, 522.7 მლნ. აშშ დოლარი და 289.5 მლნ. აშშ დოლარი) მაინც ყველაზე მაღალი იყო ბოლო ექვსთვიან პერიოდში. მარტში რეექსპორტი გაიზარდა 4.3 პროცენტით და 289.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მის წილად მოდიოდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 55.4 პროცენტი (2023 წლის მარტში – 49.2%).
ექსპორტის მდგომარეობა მარტში განაგრძობდა გამოსწორებას და მისმა მოცულობამ იანვრის დონეს 54.4 პროცენტით გადააჭარბა, მაშინ როცა იმპორტი იმავე პერიოდში მხოლოდ 5.3 პროცენტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებულ მთლიან ექსპორტში პირველი 5 ადგილი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაიკავეს (ყირგიზეთი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელზეც საქართველოს მთელი ექსპორტის ნახევარზე მეტი (50.1%) მოვიდა. საქართველოს 4 სახმელეთო მეზობლიდან ორ ქვეყანაში (რუსეთი, თურქეთი) განხორციელებულ მთლიან ექსპორტში საგრძნობლად მაღალია ადგილობრივი წარმოების საქონლის წილი (შესაბამისად, 82.1% და 84.7%), დანარჩენ ორ რესპუბლიკაში (აზერბაიჯანი, სომხეთი) კი, პირიქით – დაბალი (შესაბამისად, 17.9% და 25.3). ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2024 წლის პირველ კვარტალში 39.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ მარტში – 45.7 პროცენტი. ამასთან, საქართველოდან ექსპორტით პირველ ადგილზე მყოფ ყირგიზეთთან ყოველ 1 დოლარის იმპორტზე მოდის 191.3 დოლარზე მეტი ექსპორტი, ანუ ადგილი აქვს ვაჭრობის ცალმხრივ ზრდას, ძირითადად რეექსპორტის მატების ხარჯზე. საქართველოს ექსპორტის მთავარი სტატია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. – მასზე 2024 წლის პირველ სამ თვეში მოვიდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 33.5% (443.8 მლნ. აშშ დოლარი) და რეექსპორტის 61.6 პროცენტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა დაახლოებით 140 სახელმწიფოსთან, ამასთან ასეთი ურთიერთობების მრავალვექტორულობაზე სიმბოლურად მიუთითებს ის გარემოება, რომ 2024 წლის პირველ სამ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის თანაბარი მოცულობა დაფიქსირდა ჩინეთსა და აშშ-სთან (7.0-7.0 პროცენტი თითოეულთან), ისევე როგორც ყირგიზეთთან და გერმანიასთან (5.0-5.0 პროცენტი). უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა მარტში 278.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მარტის მხოლოდ 63.5 პროცენტია. შემცირება განპირობებულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი კლებით (მარტში წინა წლის მარტთან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 170.70 მლნ. აშშ დოლარით – 4.2-ჯერ და მეტად). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს სტაბილურ ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9- პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს სწრაფ შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის მარტში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 54.0%-დან 21.7%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში – 53.9-დან 19.8%-მდე. 2024 წლის მარტში საქართველოში გაიზარდა ფულადი ტრანზაქციები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპის 23, აქედან კი – ევროკავშირის 18 სახელმწიფოდან. ფულადი ტრანზაქციების შემცირება რუსეთიდან და ზრდა ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან, ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მზარდ ეკონომიკურ და მენტალურ კავშირს დასავლეთთან. ამასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ამაში ქვეყნის შიდა, ენდოგენური პოტენციალის ამაღლებას. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით, ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის საგრძნობი ზრდითა და რეგიონული ჰაბის მზარდი როლით.” – წერს სოსო არჩვაძე.