GD Banner
ბიზნესი

“არქის” დამფუძნებელი ილია წულაია: ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობა და კარგი მმართველობაა, დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში

კომპანია “არქის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილია წულაია, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” ინიციირების გამო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. წულაიას განცხადებით, ქართველი ხალხის მიზანია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რისთვისაც სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა ევროპის ერთ-ერთი ღირებულებაა და მნიშვნელოვანია მისი უზრუნველყოფა ნებისმიერ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორშიც.

“მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მე, როგორც არქის დამფუძნებელი და ქართული ბიზნესის წარმომადგენელი, ვფიქრობ საჭიროებაა იმისა, რომ დავაფიქსირო ჩემი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები პირადად ჩემი და ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა – ქართველი ხალხი, ხელისუფლება გააგრძელებს პროგრესს ამ გზაზე და ერთად მივაღწევთ საბოლოო მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას! ასევე, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს – 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიზნესისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, ჩამოყალიბდა ბიზნესის კეთებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშო ადგილები. შედეგად მივიღეთ სტაბილური და რაც მთავარია სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალეობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალეობა და კარგი მმართველობაა (Good Governance). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით. ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში. კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური (დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან) გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანის ჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!” – წერს ილია წულაია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა