GD Banner
ეკონომიკა

ბესო გვენეტაძე – როგორ გავხდით დასავლეთის ნეოკოლონია

ავტორი: ბესო გვენეტაძე

ცივ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ დასავლეთმა დაიწყო პოსტსოციალისტური ქვეყნების დაქვემდებარება „ფერადი რევოლუციებით“. ეს უკანასკნელი გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას ჯარის გარეშე, მეტწილად რბილი ძალის გამოყენებით. მსგავსი სახელმწიფო გადატრიალებების არასრული ჩამონათვალი ასეთია: სერბეთი (2000), საქართველო (2003), უკრაინა (ორჯერ – 2005, 2014), ყირგიზეთი (2005), სომხეთი (2018). წარუმატებელი მცდელობები იყო ბელარუსში (2021), რუსეთსა და შუა აზიაში. 

დასავლური პროპაგანდისთვის ზემოთქმული -„კრემლის ნარატივია“. ისე კი, „ფერადი რევოლუციების“ გავრცელების არეალი პოსტსაბჭოთა სივრცით არ შემოიფარგლება. აშშ-მ იგივე მეთოდების გამოყენება ცადა შორეულ ვენესუელაშიც (2019 – დღემდე), თუმცა – წარუმატებლად.

რა არის ნეოკოლონიალიზმი?

„კოლონიალიზმის ნაცვლად დღეს იმპერიალიზმის მთავარი ინსტრუმენტი ნეოკოლონიალიზმია. ნეოკოლონიალიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაქვემდებარებული სახელმწიფო, თეორიულად, დამოუკიდებელია და თითქოს საერთაშორისო სუვერენულობის ყველა ნიშანი აქვს. სინამდვილეში კი მისი ეკონომიკური სისტემა და, ამდენად, პოლიტიკა გარედან იმართება.“[1] – კვამე ნკრუმა, განას პირველი პრეზიდენტი, 1965 წ.

საქართველო, ისევე როგორც თითქმის მთელი პოსტსაბჭოეთი, დასავლეთის მარწუხების ქვეშ 1990-იან წლებშივე მოექცა. ჩვენი რესურსები ქვეყნის გარეთ გადიოდა, სანაცვლოდ კი შემოდიოდნენ USAID-ი, „სოროსის ფონდი“, „მსოფლიო ბანკი“, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ და სხვანი, როგორც კოლონიური ადმინისტრაცია.

ეს ორი ორგანიზაცია – „მსოფლიო ბანკი“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ (IMF) უკვე სამი ათწლეულია, საქართველოს ეკონომიკას განაგებს. ჩვენი სიღარიბე მათი უშუალო პასუხისმგებლობაა. ქვეყნებს შორის ორივე ამ ორგანიზაციის მთავარი დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. მასვე ეკუთვნის ყველაზე მეტი ხმა გადაწყვეტილებების მიღებისას. აღნიშნული ორგანიზაციების „ექსპერტების“ ჩართულობით მოხდა საქართველოში საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი საწარმოო ძალების პრივატიზაცია, ანუ გაყიდვა.

„მე მაქვს „მსოფლიო ბანკის“ ექსპერტთა დასკვნა, სადაც წერია, რომ ტექნოლოგიური დანადგარი, რომლის სამსახურის ვადა 20 წელზე მეტია, ითვლება ჯართად.“[2] – ამირან ნაცვლიშვილი, ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი, 2004 წ.

ეკონომიკის ჩამოშლის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა საქართველოს მმართველთა ლტოლვა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ამ უკანასკნელის წევრობაზე განაცხადი ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2002 წელს შეიტანა. როგორც მისი ოჯახის წევრი იხსენებს, ერთ-ერთ სამიტზე პრეზიდენტისთვის უთქვამთ – ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო. შევარდნაძეს ამაზე გურული ენამოსწრებულობით უპასუხია – ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირ ქარში არ გავცივდეთო.

საქართველო კი წლიდან წლამდე უფრო და უფრო სნეულდებოდა. განსაკუთრებული სიმძაფრით დასავლური იმპერიალიზმის უღელი ქართველმა ხალხმა 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იგრძნო. პუტჩს წინ უძღვოდა მოსამზადებელი ეტაპი – „დამოუკიდებელი“ მედიის გაძლიერება. 1990-იან წლებშივე დასავლეთიდან ფინანსდებოდა „რუსთავი 2“[3] – 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი ტრიბუნა – ისევე როგორც უკანასკნელ წლებში ფინანსდება „მთავარი არხი“. მეტიც, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, გრანტების მოზიდვისთვის „რუსთავი 2-ში“ ცალკე პოზიცია არსებობდა, რომელიც აშშ-ს მოქალაქეს ეკავა.

შევარდნაძის ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ს“ 1996 წელს მაუწყებლობა შეუწყვიტა. სწორედ აღნიშნულის საპასუხოდ შეიქმნა საქართველოში „თავისუფლების ინსტიტუტი“[4], რომელიც კვლავაც დასავლეთიდან საზრდოობდა და მომავალი პუტჩისტების სამჭედლო იყო. აქ გამოიზარდნენ ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია და სხვა ნორჩი ლიბერალები, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

იმ პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი იყო სოზარ სუბარიც, რომელიც დღეს მმართველი ძალის ნაწილია. მიმდინარე (2024 წლის აპრილის) აქციის კომენტირებისას მან სატელევიზიო ეთერში გაიხსენა შემდეგი:

„მე ეს გავლილი მაქვს თავის დროზე და ძალიან კარგად მახსოვს, იგივე, 2003 წელს როგორ ფინანსდებოდა USAID-ის გრანტით ქართველი ენჯეოშნიკების და პოლიტიკოსების წასვლა სერბეთში, რო იქ ესწავლათ ის გაკვეთილები, თუ როგორ უნდა მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.“[5] – სოზარ სუბარი, 2024 წლის 16 აპრილი

„თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „კმარას“ აქტივისტების გამაერთიანებელი ფიგურა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, 35 წლის მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. იგი დასავლეთში სასწავლებლად გაგზავნილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდის არქეტიპია. სააკაშვილი 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს უნივერსიტეტში „ედმუნდ მასკის“ სახელობის პროგრამით გაუშვეს. აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეს პროგრამა 1992 წელს დაარსდა და სპეციალურად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდების გადაბირებისთვის იყო განკუთვნილი.

საბოლოოდ, „თავისუფლების ინსტიტუტის“, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პუტჩისტების ხელით დასავლეთმა საქართველოში ძალადობრივი რეპრესიები განახორციელა.

ახლა ვნახოთ, რა მიიღო დასავლეთმა საქართველოს დაქვემდებარებით.

„დასავლეთში“ აქ, პირობითად, მოაზრებულია მხოლოდ აშშ და ევროკავშირი (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით). ის არ მოიცავს ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს (მაგ.: თურქეთი, კანადა), ან დასავლური ბლოკის აღმოსავლურ ქვეყნებს (მაგ.: იაპონია, ავსტრალია), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა დასავლეთის მაჩვენებელს, იმ შემთხვევაშიც, თუ სასწორის მეორე პინზე რუსეთისა და ჩინეთის მოკავშირეებსაც დავამატებდით. მონაცემებში გათვალისწინებული არაა (ვერაა) ოფშორები. წყარო: საქსტატი; მონაცემების დამუშავება/გრაფიკი: კოოპერატივი

დამოუკიდებლობის შემდეგ უცხოური კაპიტალისთვის ქართული ბაზრის გახსნით, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთმა იხეირა. აღნიშნულმა პიკს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია: როგორც 2003 წლის გადატრიალების შემოქმედმა, დასავლეთმა ნადავლიდან დამსახურებული ლომის წილი მიიღო. იქედან 1997-2019 წლებში საქართველოში 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი „ინვესტიცია“ შემოვიდა – როგორც წესი, ქონების იაფად ხელში ჩასაგდებად. თუკი სოციალისტური, გნებავთ, ეროვნული მთავრობა ინვესტიციებს მართავს და მათ საკუთარი განვითარებისთვის იყენებს, ჩვენი ეკონომიკური მოდელის შემთხვევაში უცხოური „ინვესტიციები“, ძირითადად, ქართული ბუნებრივი რესურსების, საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი საწარმოების, პორტების, ჰესების, საავადმყოფოებისა თუ სასტუმროების ხელში ჩაგდებას ნიშნავს.

როცა საქმე უცხოური კაპიტალის კრიტიკას ეხება, ჩვენში გაიგონებთ მოწოდებებს მაინცდამაინც „რუსული კაპიტალის“ ნაციონალიზაციაზე.[6] არსებობს მცდარი წარმოდგენები აღნიშნული კაპიტალის მოცულობასა და მნიშვნელობაზე. ამ მცდარი წარმოდგენებისა და მოწოდებების უკან დასავლური ფული დგას. სინამდვილეში, „კოვიდ-19-მდე“ პერიოდის ბოლო წელიწადს დასავლური პირდაპირი ინვესტიცია რუსულისას 15-ჯერ აღემატებოდა. მსგავს ციფრს ვღებულობთ დამოუკიდებელი საქართველოს მთლიანი პერიოდის ანალიზისას. დინამიკა უცვლელია „კოვიდ-19-ის“ შემდგომ პერიოდშიც.

დასავლური და რუსული/ჩინური ინვესტიციების ურთიერთშედარება 2019 წლის მაგალითზე. მონაცემები მსგავსია დანარჩენი წლების შემთხვევაშიც. წყარო: საქსტატი; მონაცემების დამუშავება/დიაგრამა: კოოპერატივი

საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევა ჯერ კიდევ 2015 წელს ნატა ძველიშვილმა და თაზო კუპრეიშვილმა ჩაატარეს.[7] როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ახალი სამოქალაქო ინიციატივის მიზანი „რუსული აგრესიის და პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია“ იყო.[8] კვლევის შესავალში ავტორები წუხილს გამოთქვამენ, რომ „იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრობლემები ექმნებათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებს, შეუფერხებლად საქმიანობენ ის რუსული კომპანიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა”.[9] რაც შეეხება ავტორებს, ნატა ძველიშვილი 2015-2019 წლებში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ეს ორგანიზაცია დასავლეთიდან ფინანსდება და ქართულ ჟურნალისტიკაში ლიბერალური პოლიციის ფუნქციას ასრულებს. თაზო კუპრეიშვილი დასავლური პროპაგანდისტული გამოცემის, netgazeti.ge-ის ჟურნალისტია. 

აღნიშნული კვლევის სათაური და შინაარსი ზოგჯერ ერთმანეთთან აცდენაშია. ტექსტში რუსული კაპიტალის გვერდით გვხვდება ისეთი კომპანიები და ობიექტები, რომელთა მხოლოდ მმართველია (და არა მესაკუთრე) რუსი წარმოშობის პიროვნება ან რუსული კომპანია. ასეთია, მაგალითად, „ენგურჰესი“ – ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში – რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამას არც კვლევის ავტორები უარყოფენ, თუმცა ობიექტისთვის ტექსტში სამი გვერდის დათმობა მაინც მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ასევე, კვლევაში კონტექსტის გარეშეა ჩამოთვლილი რუსული კომპანიების საკუთრებაში არსებული ჰესები. კერძოდ, არაა გამოკვეთილი მათი ფარდობითი წილი ქართულ ენერგეტიკაში, რაც მეტ-ნაკლებად იგივეა, ან უფრო ნაკლები, რაც ევროკავშირის კომპანიებისა („ენერგო-პრო ჯორჯია“, ჩეხური კომპანია).

კვლევის შედეგები გადაიცა ტელევიზიით და გაშუქდა ონლაინ მედიაში.[10] იმ პირობებში, როდესაც ქართულ საინფორმაციო სივრცეში ყველაზე დიდ, დასავლურ კაპიტალზე კრიტიკულად თითქმის არასდროს საუბრობენ, რუსულ კაპიტალზე ფოკუსირება მაყურებელში ქმნის გადაჭარბებულ წარმოდგენებს („ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდეს“, „საქართველოს ენერგეტიკა რუსეთის ხელშია“ და სხვ.).

დღეს საქართველოს ენერგოსისტემა სტრუქტურულად ევროკავშირთანაა დაკავშირებული. 2017 წელს საქართველო „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი გახდა, რითაც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის საერთო ენერგეტიკული ბაზრის შექმნაა გათვალისწინებული. ეს გაერთიანება ჩვენი ენერგოსექტორის ლიბერალიზაციას გვავალდებულებს, რაც გულისხმობს მის გახსნას უცხოური კაპიტალისთვის. გარდა იურიდიული ჩარჩოსი, საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეები ევროკავშირს პრაქტიკულადაც უკავშირდება. მემორანდუმი ხელმოწერილია და უკვე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები შავ ზღვაში ელექტროკაბელის გასაყვანად, რომლითაც საქართველოში წარმოებული იაფი ელექტროენერგია ევროკავშირს უნდა მიეწოდოს. ეს დასავლეთზე დამოკიდებულების ახალი საფეხური იქნება.

დასავლური კაპიტალის ხელშია თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, ფოთის პორტი, თბილისის წყალი (GWP), ბანკები, ჰესები და სხვა უამრავი ობიექტი.

ამდენად, არც რაოდენობრივად და არც სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, რუსული კაპიტალი საქართველოს მთავარი პრობლემა არაა, მათ შორის, არც ენერგეტიკის სფეროში. რუსული კაპიტალის ნაციონალიზება თეორიულად რომც განხორციელდეს, არსებული ეკონომიკური მოდელის პირობებში მას მალევე ახალი კერძო მესაკუთრე ეყოლება. არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლა კი მოითხოვს დასავლეთის გავლენების შემცირებასა და „ვაშინგტონის კონსენსუსზე“ უარის თქმას. შესაბამისად, მხოლოდ რუსული კაპიტალის ნაციონალიზების მოთხოვნა რეაქციულია და დასავლური იმპერიალიზმის ინტერესებშია.

***

დასავლეთზე საქართველოს დაქვემდებარების კიდევ ერთი საზომი და მექანიზმია საგარეო ვალი. თუკი რომელიმე წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტს გახსნით, მაშინვე თვალს აგიჭრელებთ ინგლისური აბრევიატურები: IMF, EBRD, WB, ADB, EIB და სხვ. ეს იმ საერთაშორისო კრედიტორების ჩამონათვალია, რომელთათვისაც, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, 17 მილიარდ ლარზე მეტი გვმართებს (სულ სახელმწიფო საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა დაახლოებით 24 მილიარდი ლარია).[11] აღნიშნული საერთაშორისო კრედიტორების საქმიანობის საბოლოო ბენეფიციარი, როგორც წესი, დასავლური სახელმწიფოები, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატებია. საერთოდ კი, ეს ორგანიზაციები გლობალიზაციის ეკონომიკურ ტვინს წარმოადგენენ.

რით ხასიათდება საგარეო ვალი?

განსხვავებით ფიზიკური პირის მიერ ბანკიდან აღებული სესხისა, სახელმწიფოს საგარეო ვალს პრაქტიკაში ხშირად არაფულადი ვალდებულებები მოჰყვება. მაგალითად, თუკი „საქართველოს ბანკისთვის“ სულერთია, რაში დავხარჯავთ „ოვერდრაფტს“ – და ჩვენი ერთადერთი რეალური ვალდებულება მათთვის თანხისა და პროცენტის დაბრუნებაა – საგარეო ვალის შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“, „მსოფლიო ბანკისა“ და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მოქმედების მექანიზმი, როგორც წესი, ასეთია: ისინი სესხებს გასცემენ ღარიბ ქვეყნებზე, თუმცა იმ პირობით, რომ ეს სახელმწიფოები საკუთარ ეკონომიკებს ლიბერალურ ყაიდაზე მოაწყობენ – არ ეცდებიან ინდუსტრიალიზაციას, შეამცირებენ სოციალურ ხარჯებს, განახორციელებენ პრივატიზაციას და ა.შ.

საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოიღეს, სწორედ ზემოხსენებული ორი საფინანსო ინსტიტუტის მითითებით გატარდა. 2017 წლის აპრილში IMF-მა 283.3 მლნ. აშშ დოლარის სესხი გამოგვიყო, დოკუმენტში კი ჩაიწერა საქართველოს ვალდებულების შესახებ, შემოეღო „დაგროვებითი საპენსიო სქემა“, რომელიც „წელიწადში 200-300 მილიონს“ შეაგროვებდა.[12]

საქართველოს მთავრობის მიერ IMF-ისადმი წარდგენილ მემორანდუმში დაზუსტებულია აღებული ვალდებულება:

„მსოფლიო ბანკის“ დახმარებით პარლამენტს წარვუდგენთ კანონს პენსიის შესახებ […] რასაც მოჰყვება დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტოს დაარსება“[13]

ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა. დღეს ჩვენი ხელფასებიდან ყოველთვიურად დამატებით 2% გადასახადს ვიხდით, თანაც ისე, რომ გარანტია არ გვაქვს, ეს თანხა პენსიაზე გასვლისას ანგარიშზე დაგვხვდება თუ არა. საქმე იმაშია, რომ „საპენსიო“ რეფორმას პენსიასთან არაფერი აქვს საერთო. ამ სქემით დასავლურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ჩვენი ჯიბიდან დამატებითი თანხა ამოიღეს, სპეკულაციურ კაპიტალად აქციეს და მისი ნაწილი ქვეყნის გარეთ გაიტანეს.

„საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის „ტოიოტა“, „სამსუნგი“, „ეპლი“, „ლუი ვიტონი“[14], – გოგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

„დაგროვებითი პენსიის სქემის“ პირველი მასშტაბური ექსპერიმენტი ჩილეში, ავგუსტო პინოჩეთის დიქტატურისას, 1980 წელს განხორციელდა, მილტონ ფრიდმანის იდეების მიხედვით. 45 წლის თავზე ჩილეში ხშირია მასშტაბური აქციები პენსიაზე გასული ადამიანებისა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათი საპენსიო მოლოდინები რეალობას არ შეესაბამება. მას შემდეგ ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით დაინერგა.

უნდა ითქვას, რომ სავალუტო ფონდის მიმართ კრიტიკა საქართველოში 90-იან წლებშივე არსებობდა. არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ამ ორგანიზაციის საქმიანობას სხვა ქვეყნებში და საკუთარი ხალხის გაფრთხილებას ცდილობდნენ. 1997 წელს გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აგდებით კითხულობს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ოპოზიციონერი გურამ მუჩაიძის წერილს, რომელშიც ავტორი ფონდს აკრიტიკებს:

„რა არის ეს სავალუტო ფონდი?! რას გადავეკიდეთ…“, დაახლოებით ასეა – ციტირებას ლენინისას ვერ ვახდენდი თავის დროზე და, მით უმეტეს, მუჩაიძის ციტირება უფრო მიჭირს – „რას გადავეკიდეთ ამ სავალუტო ფონდს? სავალუტო ფონდი სადაც შევიდა, ყველა ქვეყნიდან გამოაგდეს.“ – ციტირებს მუჩაიძეს ედუარდ შევარდნაძე.

შემდეგ კი უცხოელი პატრონების მიმართ ყოფილი პრეზიდენტი იმგვარ ვასალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, რისიც ამ დღეებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფებსაც შეშურდებოდათ:

„სავალუტო ფონდში საქართველოს პატრიოტები არიან. მისი გენერალური დირექტორი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი… […] და უხარიათ, შეიძლება, ჩვენზე მეტად უხარიათ ის, რო საქართველო რეფორმატორული ქვეყანა გახდა.“ – ედუარდ შევარდნაძე, 1997 წ.

***

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ იმ სარგებელზეც, რასაც დასავლეთი იღებს ჩვენი ემიგრანტებისა თუ ჯარისკაცების დაბალანაზღაურებადი შრომით; ვისაუბროთ კოლოსალურად უარყოფით სავაჭრო სალდოზე, რაც ციფრებში ადვილად გამოსახვადია, და სხვ. თუმცა, სრულად ვერც ეს აღწერს დასავლეთის მთავარ ინტერესს საქართველოში. მათთვის ყველაზე ფასეული ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა უნდა იყოს. დასავლეთისთვის მთავარი პრიზი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მისი ბუნებრივი რესურსებია.

ამგვარი ქცევის უზოგადესი თეორიული საფუძველი შემდეგია: იმპერიალისტურ ფაზაში მყოფი დასავლური კაპიტალიზმი მუდმივად უნდა გაფართოვდეს, მონოპოლისტებმა უნდა გაანადგურონ კონკურენტი მწარმოებლები, მოიპოვონ იაფი ბუნებრივი რესურსები, დაიპყრონ გასაღების ახალი ბაზრები. ამიტომ იყო დასავლეთი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში და ამიტომაა ის დღეს რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან დაპირისპირებაში. ასეთია მონოპოლისტური ფინანსური კაპიტალის ბუნება. საქართველოს მიერ 2014 წელს „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერაც აღნიშნული ბუნების გამოვლინება იყო. ამ დოკუმენტით განმტკიცდა საქართველოს ვასალური მდგომარეობა: ევროკავშირმა საქართველოს თავს მოახვია თავისუფალი ვაჭრობის პირობები. განვმეორდეთ:

„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მარკეტინგული ხრიკია, რომელიც მონას ბატონთან დაახლოების ილუზიას უქმნის. სინამდვილეში, დოკუმენტის მსუყე ნაწილს შეადგენს დებულებები „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის“ (DCFTA) შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხელშეკრულება ევროპული ნაწარმისა და კაპიტალისთვის ქართული ბაზრის მეტად გახსნას ნიშნავს. თავის მხრივ, ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარიც იხსნება ნაწილობრივ (ისიც, უამრავი შეზღუდვით), თუმცა, საბოლოოდ, უკვე განვითარებულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა ქართული ინდუსტრიისა და საწარმოო ძალების განვითარებას აფერხებს.

არადა, იყო შანსი, სხვაგვარად მომხდარიყო.

2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ახლადმოსული ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა, სადაც მისმა კოლეგამ საერთო ბაზრის იდეა მიაწოდა. ივანიშვილმა, თავისივე სიტყვებით, ეს იდეა „აიტაცა და ძალიან მოიწონა“:

„ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მაქსიმალურ ინტეგრირებას გავაკეთებთ ჩვენი ბაზრების და ეს გააიოლებს საერთო ეკონომიკების აღზევებას ორივე ქვეყნის“,[15] – ბიძინა ივანიშვილი, იანვარი, 2013 წ.

იმ პერიოდში საქართველოსთვის ორი ალტერნატივა არსებობდა – თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან ან გაწევრიანება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ეს უკანასკნელი რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის გაერთიანებაა და დღეს მოიცავს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და რუსეთს.

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, ვინ, ვინ და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც არ უარყოფდა. რთული სათქმელია, რამდენად საფუძვლიანი იყო მაშინ ივანიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებები, თუმცა, დღეს მსგავსი პოზიციის დაფიქსირება წარმოუდგენელია.

საბოლოოდ, სომხეთი 2013 წლის სექტემბერში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვით ადრე ქვეყანამ ევროკავშირთან DCFTA-ის ტექსტი შეათანხმა და მისი ხელმოწერა უკვე ნოემბერში იყო შესაძლებელი.

იმავე წლის ბოლოს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე („ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“) ყოყმანი დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმაც. მისი გამოთვლებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა უკრაინის ეკონომიკისთვის არახელსაყრელი იქნებოდა. მან დამატებითი დრო ითხოვა მოსაფიქრებლად. საპასუხოდ იანუკოვიჩს 2014 წლის თებერვალში სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვეს. ის ამბები ისტორიაში უკრაინული „მაიდანის“ სახელით შევიდა და მას აშშ მხარს აქტიურად უჭერდა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი კიევში აქციის მონაწილეებს საკვებს ურიგებს. მის მარჯვნივ ჯეფრი პაიეტია, აშშ-ს ელჩი უკრაინაში. დეკემბერი, 2013; ფოტო: ენდრიუ კრავჩენკო/AP

იანუკოვიჩის გადაგდებამდე სამი კვირით ადრე გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი ფოტოზე აღბეჭდილ ორ პირს – ვიქტორია ნულანდსა და ჯეფრი პაიეტს შორის, სადაც ისინი უკრაინის მომავალი მთავრობის დაკომპლექტებაზეც საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა არც ნულანდსა და არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უარყვიათ. საუბრის სრული ტრანსკრიპტი BBC-იმ გამოაქვეყნა.

უკრაინის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს, სურვილის შემთხვევაშიც, არჩევანი არ ჰქონდა. 2014 წლის ზაფხულში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში, „ევროპის მოედანზე“ ზარ-ზეიმით აღინიშნა.

ჩვენი ქვეყნის მიერ DCFTA-ის ხელმოწერით ავტომატურად გაუქმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რუსეთთან, რომელიც 1994 წლიდან მოქმედებდა. ეს ორი შეთანხმება ერთმანეთთან თავსებადი არაა, რასაც როგორც რუსეთი, ისე ევროკავშირი ადასტურებს. მიზეზი შემდეგია: თუკი რუსეთს ევროკავშირის მიმართ პროტექციონისტული პოლიტიკა აქვს, მაშინ თავისუფალი ვაჭრობა ვერც საქართველოსთან ექნება. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწარმი რუსულ ბაზარზე უბარიეროდ საქართველოს გავლით შევიდოდა. შედეგად, მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ქართული ნაწარმის (მაგალითად, ღვინის) გასაღების ყველაზე დიდ ბაზარზე დღეს ჩვენთვის ტარიფები მოქმედებს, რაც მძიმე დარტყმაა მთელი რიგი სექტორებისთვის. წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია უპირატესი წვდომა ისეთ ბაზრებზე, სადაც ჩვენი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. ასეთია, პირველ რიგში, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები.

„ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ საქართველოს ხელახალი ინდუსტრიალიზაცია არ მოჰყოლია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან სუსტ, მწირი საწარმოო სიმძლავრეების მქონე ქართულ კომპანიებს არ აქვთ უნარი, სუბსიდიების გარეშე კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ ევროპულ მწარმოებლებს. მეტიც, გერმანიის მთავრობის დაფინანსებული კვლევაც აღნიშნავს, რომ 2016 წლიდან დღემდე საქართველოს „მთლიანი ექსპორტის მატება ბევრად აღემატებოდა ევროკავშირში ექსპორტის ზრდას“.[16] აღნიშნული უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ჩვენს საექსპორტო ნაწარმზე მოთხოვნა სხვა ბაზრებზე უფრო არსებობს. გარდა ამისა, პროდასავლური ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, 2010-2021 წლებში საქართველოს საექსპორტო კალათაში დაბალტექნოლოგიური პროდუქციის წილი გაიზარდა, ხოლო საშუალოტექნოლოგიურისა – შემცირდა.[17] ზოგადად კი, „საქართველოს საექსპორტო კალათის სირთულე მსოფლიო ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ბაზარზე.“[18]

როგორც თეორიული, ისე ემპირიული დაკვირვება მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელია „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ გაუქმება. ამ მხრივ ჩვენთვის კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ტუნისი, რომელთანაც DCFTA-ზე მოლაპარაკებები ევროკავშირმა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა მთავრობები მასზე ხელმოწერისგან თავს იკავებენ. ტუნისის მთავარმა პროფკავშირმა 2019 წელს DCFTA-ის წინააღმდეგ დიდი დემონსტრაციაც მოაწყო და ის დაგმო, როგორც „ნეოკოლონიური პროექტი“.[19] ანალიზის მიხედვით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა დააზიანებს ტუნისის საშუალო და მცირე მეწარმეებს.[20]

საქართველოს საციცოცხლოდ სჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება, სასურსათო სუვერენიტეტი, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მცირე და საშუალო მრეწველობის ხელახლა აშენება. სანაცვლოდ, პროდასავლური კურსის პირობებში მივიღეთ CROSTY-ს 700-ლარიანი სნიქერი, წარწერით „თავისუფლება“, და პირველი ქართული ეკომეგობრული გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“.

წყარო: kooperativi.ge

იხ. გაგრძელება

კვამე ნკრუმა – „ნეოკოლონიალიზმი – იმპერიალიზმის უახლესი ფაზა“, INTERNATIONAL PUBLISHERS CO., INC., 1966 წ., შესავალი, გვ. ix

[2] ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“, 2004, #1 (1); ხელმისაწვდომია ბმულზე: http://aaf.ge/index.php?menu=2&jurn=0&rubr=5&mas=1703 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 16.04.2024]

[3] David Anable – The Role of Georgia’s Media—and Western Aid—in the Rose Revolution, გვ. 9; დაწერილი 2005 წლის შემოდგომაზე, გამოქვეყნებული 2006 წელს, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorensteincenter.org/wp-content/uploads/2012/03/2006_03_anable.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[4] “თავისუფლების ინსტიტუტი“ – ჩვენ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://liberty.ge/about-us [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 16.04.2024]

[5] იმედი LIVE, ტელეკომპანია „იმედი“, 2024 წლის 16 აპრილი, 28:00 წუთიდან. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=409919181756844 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[6] „რუსულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული ქონების ნაციონალიზაციის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა”, 2022 წლის 7 მარტი https://publika.ge/rusul-biznesze-gayiduli-strategiuli-qonebis-nacionalizaciis-motkhovnit-peticia-sheiqmna

[7] „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ – ნატა ძველიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, 2015, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/IDFI/russian-capital.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024] 2021-23 წლებში IDFI-იმ საკითხის ხელახალი აქტუალიზება მოახდინა. USAID-ის თანადაფინანსებით იგივე საკითხზე მომზადდა რამდენიმე კვლევა, რისთვისაც ათობით ათასი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

[8] https://idfi.ge/ge/russian-capital-in-georgian-business

[9] „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ – ნატა ძველიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, 2015, გვ. 6, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://idfi.ge/public/upload/IDFI/russian-capital.pdf [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 17.04.2024]

[10] https://idfi.ge/ge/russian-capital-in-georgian-business-media

[11] საქართველოს კანონი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, მიღების თარიღი: 15/12/2024, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6020661 [უკანასკნელად ნანახია: 18.04.2024]

[12] IMF Country Report No. 17/97, 2017 წლის აპრილი, REQUEST FOR EXTENDED ARRANGEMENT UNDER THE EXTENDED FUND FACILITY AND CANCELLATION OF STAND-BY ARRANGEMENT—PRESS RELEASE; STAFF REPORT; AND STATEMENT BY THE EXECUTIVE DIRECTOR FOR GEORGIA, გვ. 16, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.imf.org/en/Publications/CR/Issues/2017/04/13/Georgia-Request-for-Extended-Arrangement-Under-the-Extended-Fund-Facility-and-Cancellation-44834 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[13] იქვე, გვ. 60

[14] „Apple, Amazon, Louis Vuitton – კიდევ სად ჩადებენ ჩემს საპენსიო დანაზოგს?“, „რადიო თავისუფლება“, ლელა კუნჭულია, 2023 წლის 23 აგვისტო, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/სად-უნდა-დააბანდოთ-საპენსიო-დანაზოგი/32559823.html [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[15] https://old.civil.ge/geo/article.php?id=26448?id=26448

[16] „ნეოლიბერალური სტატუს-კვო: რატომ არ მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, სალომე თოფურია, ტატო ხუნდაძე, 2022, გვ. 14

[17] იქვე, გვ. 16

[18] იქვე, გვ. 17

[19] Tunisia holds off a ‘deep’ free trade agreement with the EU, Ricard González, 2021 წლის 4 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.equaltimes.org/tunisia-holds-off-a-deep-free [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[20] Deep and comprehensive dependency: How a trade agreement with the EU could devastate the Tunisian economy, Hamza Hamouchene, Layla Riahi, 2020 წლის 9 დეკემბერი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.cadtm.org/Deep-and-comprehensive-dependency-How-a-trade-agreement-with-the-EU-could [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 18.04.2024]

[21] https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/MA_Politikuri_Teoria.pdf

[22] გეორგი დიმიტროვი – „ფაშისტური იერიში და კომუნისტური ინტერნაციონალის ამოცანები მუშათა კლასის ბრძოლაში ფაშიზმის წინააღმდეგ“, 1935, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.marxists.org/reference/archive/dimitrov/works/1935/08_02.htm#s2 [უკანასკნელი ნახვის თარიღი: 19.04.2024]

[23] იქვე

[24] იქვე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,774 ნახვა