GD Banner
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე თქვენ წინაშე წარვდგე და კონფერენციის უაღრესად პატივსაცემ მონაწილეებს მოგმართოთ.

50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის პირველი კონფერენცია გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.

თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.

მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად.

ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად.

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ისტორიულად, ჩვენს პატარა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ქვეყანას იმპერიების გზაგასაყარზე უწევდა არსებობა. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საკუთარი სამშობლოს, მამულის დასაცავად.

საუკუნეების მანძილზე, ქართველები ერთგულად იცავდნენ საკუთარ ენას. ბოლოს, 1978 წელს ჩვენი მშობლების თაობა მტკიცედ დადგა ქართული ენის დასაცავად, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა. ხალხის პრინციპულობამ შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია.

ქართველებს საუკუნეების მანძილზე გვიწევდა ბრძოლა საკუთარი სარწმუნოების, ქრისტიანობის დასაცავად. ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. ამიტომ, ყველა დამპყრობელი თავის პირველ ამოცანად ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე შეტევას ისახავდა. ბოლოს ამას აკეთებდნენ საბჭოთა ბოლშევიკები, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და მორწმუნეებს ლოცვას უკრძალავდნენ. თუმცა, საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილი ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო.

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამოწვევები მსგავსია იმისა, რომელთა წინაშეც საქართველო საუკუნეების მანძილზე იდგა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს გამოწვევები დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევებად იქცა, რომლებიც რისკებს თანაბრად უქმნის როგორც პატარა, ისე ყველაზე დიდ ქვეყნებსა და ერებს.

დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადგმული.

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი.

ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას. ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით – მამული, ენა, ერთობა ჩაანაცვლეს. სიტყვა სარწმუნოება ამოიღეს ერის იდენტობის განსაზღვრებიდან.

ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც 7 წელიწადში გაასამმაგა.

ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს. ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევისა და შეცვლის უფლება. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს.

საზოგადოდ, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა.

ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ, მათ შორის საქართველში. ნარკოტიკებმა ადამიანი მოაზროვნე ინდივიდიდან ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად უნდა აქციოს.

ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია. თუ პროცესები იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ.

საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას. თუმცა, ჩვენს წინაშეც ურთულესი გამოწვევები დგას. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი კრძალავს ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას.

გვაქვს დიდი იმედი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა.

უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს.

შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს.

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა