GD Banner
საზოგადოება

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი პროექტები 2022 წლიდან ხორციელდება და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს.

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა დაფინანსდა. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. პროგრამას აქვს ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური მიზანი, ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიცი, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. წინა წლებშიც ბევრი მსურველი იყო. მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ იდეების განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან.

„პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით. კერძოდ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,311 ნახვა