ქართული ოცნების განცხადება:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.
პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.
ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.
პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება.
ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!