გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება, – ამის შესახებ ავტორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები… ) საქართველოს ხელოვანთა სახელით გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი.
წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველო ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა და საზოგადოებამ რაციონალურობა არ უნდა დაკარგოს.
ხელოვანების განცხადებით, ქართველი ერი ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს, რათა შეძლოს საკუთარი ინტერესების დაუზიანებლად დაიმკვიდროს დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება. დღეს ამის დრო არ არის!
თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას, კეთილდღეობასა და მომავალს, მხოლოდ ემოციების აყოლა და რაციონალურობის დაკარგვამ კი, შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს. დღეს სწორედ ჩვენი თაობაა ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და თუკი არ გვსურს ჩვენი წინაპრების ნაშენები კედელი ჩამოიშალოს და მომავალ თაობებს თვალი ვერ გავუსწოროთ, უნდა გავიაზროთ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია. ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ერთიან, მტკიცედ მდგარ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა, ვინც მის ხელყოფას შეეცდება. მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ სიმშვიდე და მშვიდობა, რაც კეთილდღეობის, განვითარების, ფეხზე მყარად დგომის, ნათელი მომავლისა და გაერთიანებული საქართველოს საწინდარია. დღეს, თუკი გვსურს საკუთარი ბედი და მომავალი თავად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავამყაროთ, მალე დავიბრუნოთ დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში არა საკუთარი ინტერესების დაზიანების, დაპირისპირებისა და არეულობის, არამედ განვითარების, ერთიანობისა და მშვიდობის დროა!”- ნათქვამია ხელოვანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.