GD Banner
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გამჭვირვალობის კანონი ააშკარავებს აქ უსამშობლო ოპოზიციას და გარეთ დამფინანსებლებს. მათი მიზანი მარტივია – ეროვნული ხელისუფლება მოიშორონ, თანამდებობებზე მათ მიერ მართული მარიონეტები დანიშნონ და სრულად დაიმორჩილონ საქართველო

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს.

„მმართველი გუნდის მიერ, „გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირებიდან დღემდე განვლილი პერიოდი და მომხდარი ფაქტები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე კუთხით დავინახოთ მოვლენები და საზოგადოებას სწორი და ჯანსაღი ანალიზი მივაწოდოთ.

პირველ რიგში, საგულისხმო და გასახარია, რომ ამ ურთულესი და უთანასწორო დაპირისპირების პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოიგო. მოიგო არაერთი ფაქტორის გამო, პირველ რიგში კი, საზოგადოებასთან სწორი და გამართული კომუნიკაციით. დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება. ქართველმა ხალხმა კარგად გაიგო, რომ ამ კანონის გატანა არის პრინციპული საკითხი, რათა ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას და ოცდაათწლიანი ჩაკეტილ წრეზე სიარულის შემდეგ, როგორმე გადავდგათ ნაბიჯი წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ. ამის მიუხედავად, არავინ იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა – პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.

დასაწყისში ვახსენე, რომ ეს დაპირისპირება არის უთანასწორო, რასაც მცირე განმარტება მინდა გავუკეთო. ფაქტია, რომ დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ძალიან დიდ ძალას დაუპირისპირდა. ძალას, რომელსაც მთელს დასავლეთში აქვს ფესვები გადგმული და აკონტროლებს ყველაფერს: მთავრობებს, ეკონომიკას, დიდი გაერთიანებების ბიუროკრატიას და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებს.

“გამჭვირვალობის კანონის” ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში. პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლოებისათვის შავი ფულის გადაკეტვას და ფაქტია, ამ ხალხს ყველაზე მეტად გამჭვირვალობა აშინებს. ცხადია, არავინ ფიქრობს, რომ ცალკე აღებული გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, სააკაშვილი და ჯაფარიძე რამეს წარმოადგენს, მაგრამ მათ ზურგზე ნამდვილად დიდი წარმოდგენა უნდა გვქონდეს.

ეს ზურგი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მის მიერ სრულად გაკონტროლებული ევროპა. გულდასაწყვეტია, რომ ევროკავშირი, თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერის ხელით, ბოლომდეა დამორჩილებული ამერიკის მმართველობას და თვითგანადგურების რეჟიმშია. ევროკავშირის ქვეყნებში აღარ არსებობს არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუცია, ამ ქვეყნებს აგენტების ხელით მართავენ და საკუთარ ჭკუაზე დაატარებენ. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი ქვეყნის მიმართ არაევროპული, ველური თავდასხმა. სწორედ ამით აიხსნება გამწარებული წინააღმდეგობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამერიკელებმა რიგში ჩაამწკრივეს თავიანთი „ევროპელი“ აგენტები, როგორიცაა მაგალითად შარლ მიშელი და დღეში 2-3 განცხადებას აკეთებინებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველაზე ამორალური ამ პროცესში კი მათი სითავხედეა – იმდენად დაბალ ღობედ მივაჩნივართ, რომ უტიფრად გვეუბნებიან, არ მივიღოთ კანონი, რომელიც ათწლეულებია ამერიკაში მოქმედებს, ხოლო ევროკავშირში ინიცირებულია და მალე დაამტკიცებენ. მიზეზის მოფიქრებაზეც ბევრი არ უფიქრიათ – ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის არაევროპულია ის, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, გლობალურ პოლიტიკაში მსგავსი თავხედური ორმაგი სტანდარტი აქამდე არასოდეს მინახავს.

და მაინც, მთავარი სათქმელი ახლა უნდა ვთქვა – გამჭვირვალობის კანონის ინიცირებამ სულ წყალში ჩაუყარა აქაური, გავერანებული ოპოზიციის დავალების მიმცემებს მინიმუმ სამწლიანი წვალება და შრომა, რომ როგორმე დაზიანებული “ნაცმოძრაობა” დაესუსტებინათ და მის ნაცვლად ახალი, ვითომდა “შუაშისტური” პოლიტიკურ ძალა შეექმნათ. ხან ხაზარაძე აწვალეს, ხან გახარია – არაფერი გამოუვიდათ, რადგან ერთმა მოძალადე მევახშის, ხოლო მეორემ მოღალატის სამართლიანი იარლიყი ვერაფრით ჩამოიშორა. ბოლოს, ორი ოდიოზური კრიმინალი, გვარამია და მელია ხელოვნურად შეაწებეს ერთმანეთს, მაგრამ ეს სიმბიოზი სასაცილოდ არ ჰყოფნის ქართველ ხალხს. გამჭვირვალობის კანონმა ეს ვითომდა ერთმანეთს დაპირისპირებული პოლიტიკოსები ისევ გააერთიანა, თანაც, ოფიციალურად. გუშინ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ერთად და კოორდინირებულად იბრძოლებენ “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ. ცხადია, მათი დაპირისპირების ხელოვნური ამბავი რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ თუ ვინმეს ეგონა, რომ ხაზარაძე სააკაშვილს ბუნებრივად ლანძღავდა, ან გვარამია რომ ამბობდა, მიშა ჩემი კონკურენტიაო, გულწრფელი იყო ამ სიტყვებში – ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მოკლედ რომ ვთქვათ, წრედი შეკრულია – წილი ნაყარია. “გამჭვირვალობის კანონი” ააშკარავებს აქ უსამშობლო ოპოზიციას და გარეთ დამფინანსებლებს. მათი მიზანი მარტივია – ეროვნული ხელისუფლება მოიშორონ, თანამდებობებზე მათ მიერ მართული მარიონეტები დანიშნონ და სრულად დაიმორჩილონ საქართველო. შემდეგ კი გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მოინდომებენ. პირველ რიგში ომს გააჩაღებენ რუსეთთან უსამშობლო პოლიტიკოსების ხელით, ხოლო შემდეგ, თუ ჩვენი ქვეყნიდან რამე დარჩება, სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ. შესაბამისად, მათთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. აქაური რადიკალების დამფინანსებელი გარე ძალები ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს. ამ გზაზე იქნება ბევრი ნაღმი, შანტაჟი და მუქარა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ეს ქვეყანა აგენტურას გადააბაროს“, – აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა