სამწუხაროდ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ – დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, კანონპროექტი იქნება, თუ სხვა საკითხები და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის და პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს პრემიერ-მინისტრის და ელჩების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და იცით, რომ მეც შევუერთდი მის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილები მაქვს. სამწუხაროდ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია. ჩვენ არ ვართ ახლა მოწყვეტილი სამყაროს, მითუმეტეს როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, მაგრამ ამას აქვს ერთი რისკი – ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში აქვს აქვს ერთი რისკი, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის, თუ დებატის, იმ მომენტში, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ დაიცვა. შესაბამისად, ეს იწვევს მიმხრობას ამა, თუ იმ პოზიციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ვინაიდან შემდეგ, როცა ემხრობა ამა თუ იმ პოზიციას, საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრია პოზიციების მიმართ და ის, ვინც ამა, თუ იმ დიპლომატის საწინააღმდეგო პოზიციაზეა, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ აბსტრაჰირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. ეს მარტო სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი.
ეს მოცემულობა სამწუხაროდ დამხვდა როდესაც პოლიტიკაში მოვედი. არის მონაწილეობა დიპლომატიური წარმომადგენლობის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. მეორე მანკიერებაც აქვს ამ მონაწილეობას – ის ხშირად არის დახურულ კარს მიღმა, რაც კი ბატონო, გასაგებია და ასეც ხდება და ეს არის ნაწილი ჩვენი ურთიერთობის ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ – დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, კანონპროექტი იქნება, თუ სხვა საკითხები და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის და პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. თუ არის სურვილი ქართულ პოლიტიკურ შიდა დისკუსიებში, კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობის, პირველ, მეორე, თუ მესამე მოსმენის დროს, იყოს ეს საჯარო. თუ გვინდა რომ კომიტეტის, ბიუროს სხდომა იყოს საჯარო, იყოს ესეც [დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები] საჯარო და ნახავს მოსახლეობა რა არგუმენტები არსებობს. მოსახლეობა ნახავს რა არგუმენტები არსებობს, რადგან ხშირად ამ თემასთან [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი] და სხვა თემებთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვეჯახებით დოგმატიზმის ყრუ კედელს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და იქიდან საუბარი არის „კი“ და „არა“, უბრალოდ ასე აჯობებს, თუ ისე – არგუმენტის გარეშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს გუშინ შეხვდა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.