აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ ეწინააღმდეგება ისრაელის კონტრშეტევას ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ ამერიკულ საინფორმაციო პორტალ Axios-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
ბაიდენი და მისი მრჩევლები ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ისრაელის პასუხი ირანის შეტევაზე გამოიწვევს რეგიონულ ომს კატასტროფული შედეგებით.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.